გაუქმებული მუნიციპალიტეტების უძრავ-მოძრავი ქონება ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტებს გადაეცემა

1228

იმ მუნიციპალიტეტების უძრავ-მოძრავი ქონება, რომლებიც 2017 წელს გაუქმდა, ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტებს გადაეცემა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

დადგენილებით, შვიდი თვითმმართველი ქალაქის სათემო მუნიციპალიტეტებთან შერწყმის შედეგად შექმნილ მუნიციპალიტეტებს გადაეცემა ადმინისტრაციული შენობები, მიწის ნაკვეთები, მოძრავი ქონება და არსებული დოკუმენტაცია.

დადგენილების თანახმად, გასაუქმებელ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობისთვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ვალდებულების უფლებამონაცვლეა შესაბამისი ახალი მუნიციპალიტეტი.

ქონების ინვენტარიზაციისა და 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის მიზნით, შეიქმნება შესაბამისი კომისია. კომისიამ ახალი მუნიციპალიტეტებისათვის ქონებისა და ვალდებულებების გადაცემის ნუსხა უნდა შეადგინოს არა უგვიანეს 2017 წლის 1 ოქტომბრისა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა 7 თვითმმართველი ქალაქი – თელავი, გორი, მცხეთა, ახალციხე, ოზურგეთი, ზუგდიდი და ამბროლაური გააუქმა და სათემო მუნიციპალიტეტებს შეუერთა. შესაბამისი დადგენილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღის გამოცხადების დღეს ამოქმედდა. პარალელურად, შესაბამისი ცვლილებები შევიდა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსშიც”.

ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია და მთავრობას გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებდნენ. ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საწყის ეტაპზე, არ იზიარებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც – ამ ქალაქების მერები და საკრებულოს წევრები. მათგან თელავის და მცხეთის საკრებულოებმა ცენტრალურ ხელისუფლებას ოფიციალურად მიმართეს და სთხოვეს, ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსი შეენარჩუნებინათ. ამის მიუხედავად, მოგვიანებით, შვიდივე ქალაქის, ისევე, როგორც შვიდი სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა, თუმცა, საკრებულოს სხდომები პროტესტისა და ხმაურის ფონზე წარიმართა.

ხელისუფლების ინიციატივას არ იზიარებდნენ, ასევე, ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო, თუმცა, საკანონმდებლო ორგანომ ვეტო დაძლია.

პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება არასამთავრობო ორგანიზაციებმა და გასაუქმებელი ქალაქების წარმომადგენლებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო, თუმცა, სხდომა ამ დრომდე არ ჩანიშნულა.