კახა ოქრიაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადების შედეგ არ გამორიცხავს, რომ ის დააკავონ. ოქრიაშვილი ამბობს, რომ მის ოლქში ის არჩევნებს იგებს, ეს ხელისუფლებამაც იცის და დაჭერებით კონკურენტის ჩამოშორებას შეეცდება. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
“თუ დააანონსა, ალბათ მეც დამიჭერენ და მეც პოლიტიკური პატიმარი ვიქნები, მაგათ სჩვევიათ დაჭერები”, – ამბობს ოქრიაშვილი.
კობახიძის განცხადებაში პირდაპირი მუქარა დაინახეს ოპოზიციის სხვა წევრებმაც. ოპონენტები ამბობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ ჩვეულ ტაქტიკას მიმართა. ეს არის – ოპონენტებზე ძალადობა, დაშინება და დაკავება.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე დღეს მარნეულის დაპირისპირებაში ოპოზიცია დაადანაშაულა.
“დღეს-ხვალ ვიხილავთ ადამიანებს გისოსებს მიღმა. ეს ასეც უნდა მოხდეს. ჩვენი მოწოდება სამართალდამცავების მიმართ ეს არის, რომ ვინც აწყობს პროვოკაციებს, ვინც არასწორად რეაგირებს პროვოკაციებზე, ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ დასჯილი”, – თქვა კობახიძემ