ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარემ, სუმბატ კიურეღიანმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. იგი „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის 37–ე წევრია და წინა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისთვის ემზადება.
სუმბატ კიურეღიანის განცხადება საკრებულომ დღეს, 30 სექტემბერს დააკმაყოფილა. იგი ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს შვიდი წლის განმავლობაში იკავებდა.
31 ოქტომბრის არჩევნებში საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის 37–ე წევრია.
„გუშინ დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და დღეს საკრებულოს სხდომაზე დამიკმაყოფილეს. ახლა ჩემ მოვალეობებს მოადგილე შეასრულებს. დღეიდან ვიწყებ წინასაარჩევნო შეხვედრებს, მოსახლეობასთან ვისაუბრებთ პრობლემებზეც და ჩვენს საარჩევნო დაპირებებზეც“, – ამბობს კიურეღიანი.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ცესკოში პირველ ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ პროპორციული სიები. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.