საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აქცია მოაწყეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
„მომწერეს ახალი ამბავი ძალადობასთან დაკავშირებით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოაწყეს აქცია, სადაც უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ მართველ გუნდსა და მის წარმომადგენლებს. შემდეგ ერთ-ერთი წევრი, ლაშა ქველაძე აპირებდა შენობაში შეჭრას და ამ დროს იყო სიტყვიერი კამათი, ფიზიკური დაპირისპირება და ერთ-ერთ წარმომადგენელს პერანგი შემოახია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა. ჩვენ ვაწვდიდით ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორი ტაქტიკა შეიძლება ჰქონოდა რადიკალურ ოპიზიციას და, რა თქმა უნდა, ოქტომბრისთვის იყო მოსალოდნელი მათი მხრიდან პროვოკაციების მატება და ამას ჩვენ ვხედავთ. განსაკუთრებით ვხედავთ, რომ მომატებულია ასეთი პროვოკაციები რამდენიმე ოლქში, მათ შორის, ქვემო ქართლის ორ ოლქში, თბილისშია კონკრეტული რაიონი, სადაც ასევე არის მომატებული პროვოკაციები,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ ყველა მხარეს მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმ მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქცია გამართეს. აქციის მსვლელობისას ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” მომხრეებსა და წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.