“ტრიბუნას” კანდიდატის ბრიფინგი ახალციხეში: შსს-სგან მოვიდა პასუხი რომ ნასამართლევი ვარ, ეს სიცრუეა

514

შემდეგი სტატია

ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის საარჩევნო ოლქში ტრიბუნას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გელა კვარაცხელია აცხადებს რომ, ოქტომბრის არჩევნებისთვის მის კანდიდატად დარეგისტრირებას ხელს მიზანმიმართულად უშლიან. შსს–დან გამოთხოვილ დოკუმენტებში წერია, რომ იგი ნასამართლევია. კვარაცხელია ირწმუნება, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

კვარაცხელიამ საგანგებო ბრიფინგი, დღეს, 28 სექტემბერს გამართა. მისი თქმით, კანდიდატად დარეგისტრირების პროცედურების გავლის დროს, შსს-სგან ცნობა მიიღო, რომლის მიხედვითაც, კვარაცხელიას პირად საქმეში ნასამართლეობა წერია.

კანდიდატი უწყებისგან მიღებულ პასუხს, 2006 წელს მომხდარ ფაქტს უკავშირებს, როდესაც იარაღის უკანონო ტარებაზე დააკავეს. კანდიდატი განმარტავს, რომ ეს ფაქტი უკანონოდ მოხდა, და ის მალევე გაათვისუფლეს.

„მაშინ, 2006 წელს ეს საკითხი გადაილახა, რადგან ინფორმაცია იყო არასწორი. ეს ეხება იარაღის უკანონო ტარებას. მაშინ უკანონოდ ვიყავი დაკავებული, 24 საათიც არ ვიყავი გაჩერებული დროებითი დაკავების იზოლატორში, გამომიშვეს იმის გამო, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობდა დაკავების. სასამართლოც არ გამართულა“, – ამბობს კვარაცხელია.

იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ხარვეზის გამოსწორებას და განმარტების გაკეთებას ითხოვს.

„მაშინ სასამართლო არ შემდგარა, მართლმსაჯულებასთან სხვა ურთიერთობა არ მქონია, რაც მოგახსენეთ იმის გარდა. დღეს ეს ფაქტი შემაფერხებელი ხდება ჩემს კანდიდატად დარეგისტრირების ეტაპზე. ჩვენ ეს ინფორმაცია დღეს საჯაროდ გამოვიტანეთ, რადგან არ დაგვეწყო ამის მოგვარება კულუარულად. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე არასოდეს არც სასამართლოში და არც სხვა ორგანოში რაიმე ფორმით არ მოვხვედრივარ. აბსოლუტურად ტყუილია ეს ჩანაწერი, მე არ ვარ ნასამართლევი. მე იმედს ვიტოვებ, რომ შსს არა მარტო გამოასწორებს ამ ხარვეზს, არამედ ისეთ განმარტებას გააკეთებს ამასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემს წინასაარჩევნო კამპანიას და რეპუტაციას ხელს არ შეუშლის“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე გელა კვარაცხელიამ.

იურისტები აცხადებენ, რომ კვარაცხელიას კანდიდატად დარეგისტრირებაში ხელი არ შეეშლება. ეს შეიძლება მომხდარიყო, მაშინ თუ მასზე სისხლის სამართლის დევნა იქნებოდა დაწყებული.

„ამ შემთხვევაში კანდიდატს დარეგისტრირებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნება. გვქონდა ისეთი შემთხვევაც, როცა ადამიანს აღკვეთი ჰქონდა შეფარდებული, ოღონდ განაჩენი ჯერ არ არსებობდა და კანდიდატი იყო“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ იურისტი, გიგი ჩიხლაძე.