შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოსთან პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო 15 პირი დააკავეს. ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც უწყებაში ამბობენ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით მიმდინარე სასამართლო პროცესის პარალელურად გამართული საპროტესტო აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს.
“აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და მათ ძალადობრივი მეთოდებით წინააღმდეგობა გაუწიეს, სამართალდამცველებმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.
სასამართლოს შენობის და ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან შეკრებილებმა მოგვიანებით გადაინაცვლეს აღმაშენებლის ხეივანში და გზის სავალი ნაწილი უკანონოდ გადაკეტეს.
სამართალდამცველთა არაერთი მოწოდების მიუხედავად, გაეხსნათ გზის სავალი ნაწილი, აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 15 პირი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული რჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ. მართლწესრიგის დასაცავად ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე, ტერიტორიაზე რჩება შესაბამისი საპოლიციო ტექნიკაც.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.