ოზურგეთში კურორტ გომისმთაზე მიწის რეგისტრაციის უვადოდ შეჩერებას აპროტესტებენ

550

იუსტიციის სამინისტრომ, კერძოდ საჯარო რეესტრმა კურორტ გომისმთაზე მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაცია უვადოდ შეაჩერა. ამის შესახებ დაინტერესებული პირებისათვის ამ დღეებში გახდა ცნობილი. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს. 

რამდენიმე ადამიანმა წულუკიანის უწყების წინააღმდეგ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ საჯარო რეესტრის ეს გადაწყვეტილება უკანონოა.

მითუმეტეს მაშინ, როცა სულ რარაც ერთი თვის წინ კურორტი თავად იუსტიციის მინისტრმა მოინახულა და დაინტერესებულ ყველა პირს მიწების დარეგისტრირება დაპირდა.

უფრო მეტიც, წულუკიანმა ხალხს რეგისტრაციის პროცესშიც დახმარება აღუთქვა.

ეს განცხადება, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ გაკეთდა და ოპოზიციამაც იუსტიციის მინისტრის ქმედება წინასაარჩევნოდ ქულების დაწერად მონათლა და მას ტავიდანვე სამთავრობო მორიგი “ბლეფი” უწოდა.

“გურიის მოამბე” დაინტერესდა თუ რამდენად კანონიერია საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება გომისმტაზე მიწის რეგისტრაციის უვადოდ შეჩერებასთან დაკავშირებით და ოზურგეთში მოღვაწე იურისტს, კახა ჩავლეშვილს გაესაუბრა:

კახა ჩავლეშვილი: – გომისმთაზე მოქალაქეების მიერ საჯარო რეესტრში მიწის სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენისას თუ კი მოქალაქე წარადგენს ე.წ. ტექნიკური აღრიცხვის ბარათს ან 2007 წლის 20 სექტემბრამდე შედგენილი უფლების დამადასტურებელი სხვა რაიმე დოკუმენტს, რეესტრის მხრიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება ჩემი აზრით არასწორია, რადგანაც 1992 წლამდე საბჭოთა მემკვიდრეობის გათვალისწინებით, მიწა სახელმწიფო საკუთრება გახლდათ და მიწის რეფომის განხორციელების მიზნით გამოცემულმა ნორმატიულმა აქტებმა ამ დრომდე სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მოქალქეების ე.წ. „კერძო სახლები“ იყო განთავსებული, მათ საკუთრებად გამოაცხადა.

კერძოდ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად – საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკოემიწები უსასყიდლოთ გადავიდა მათ კერძო საკუთრებაში. ანუ თუ 1992 წლის 18 იანვარს სააგარაკო სახლს დაკავებული ჰქონდა მიწის ნაკვეთი და არსებობს შესაბამის ორგანოში ან მოქალაქესთან დაცული დოკუმენტაცია სახლის მფლობელობაზე, მიწის ნაკვეთი უკვე ამ დროიდან ითვლება კერძო საკუთრებად. იგივე დაადასტურა 1997 წელს ძალაში შესულმა სამოქალაქო კოდექსმა.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით – იმ შემთხევაში თუ მოქალაქის მიერ წარდგენილია 2007 წლის 20 სექტემბრამდე შედგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ ის არ აკმაყოფილებს სავალდებულო მოთხოვნებს, მაგრამ ამავე დოკუმენტში თუ მითითებულია დაინტერესებული პირის ვინაობა, უძრავი ნივთის მისამართი (ქალაქი, დაბა ან/და სოფელი) და ფართობი, ეს დოკუმენტი რეგისტრაციის საფუძვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს. ამ შემტვევაში საჯარო რეესტრმა უნდა დაარეგისტრიროს მიწის ნაკვეთი თუ წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტის მიერ მიწის ნაკვეთის იდენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ასევე თუ მოქალაქე დაადასტურებს მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობას. შესაბამისად ასეთ შემთვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა გადაეგზავნოს მუნიციპალიტეტს, რომელმაც უნდა ისმჯელოს ნაკვეთის იდენტურობაზე და გამოსცეს შესაბამისი აქტი.