საქართველოს მედია-კლუბის მიმართვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას

770

ბოლო დღეებში სულ უფრო გახშირდა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართული წინასაარჩევნო ღონისძიებებისათვის ხელის შეშლისა და მათ წარმომადგენლებზე ზეწოლისა და ძალადობის ფაქტები. სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტებისა თუ მედიის მიერ გავრცელებული  ინფორმაციით, მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდა თბილისის, ბოლნისის, წალკის, დმანისის, ზუგდიდისა და სხვა მუნიციპალიტეტებში. სამწუხაროდ, არც ერთი მსგავსი შემთხვევა გამოძიებული არ  არის.

მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში ვითარება უკიდურესად დაიძაბოს, ძალადობამ ყოველდღიური ხასიათი მიიღოს, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს არჩევნების სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარებას.

მოგმართავთ უწყებათაშორის კომისას, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 48-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, შექმნილია „საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით“, უახლოეს დღეებში მოიწვიოთ კომისიის სხდომა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რათა განვიხილოთ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, გამოვლენილი დარღვევები და შესაბამის უწყებებს მიეცეს კონკრეტული რეკომენდაციები იმ დარღვევების აღმოსაფხვრელად, რომელიც ხელს უშლის საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას.

——

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “საქართველოს მედია-კლუბი” საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად, ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგს “ღია საზოგადოების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მონიტორინგის ანგარიშები ორგანიზაციის ვებპლატფორმაზე – www.droa.ge გამოქვეყნდება.