დაშტაფაში „ენმ“-ს პლაკატები ჩამოხიეს – გულიევების ოჯახი პოლიციას მუქარაში ადანაშაულებს

385

მარნეულის სოფელ დაშტაფაში მცხოვრები გულიევების ოჯახი შულავრის პოლიციის განყოფილების თანამშრომელს ბაბექ ალახვერდიევს მუქარაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

25 სექტემბერს, დაშტაფის საჯარო სკოლასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატის აზერ სულეიმანოვის პლაკატები ჩამოხიეს. ფაქტს მალიექა გულიევა შეესწრო, რომელსაც სკოლის წინ პატარა დახლი აქვს. გულიევამ ახალგაზრდას, რომელმაც პლაკატები ჩამოხია შენიშვნა მისცა რის შემდეგაც, როგორც თავად ამბობს, დაჭერით დაემუქრნენ.

„წლებია აქ პროდუქციას ვყიდი. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. რომ მოხიეს სურათი მერე ზარი შემოვიდა და ამბობდნენ დაგაკავებთო. ამბობენმ რომ შენ იქ ზიხარ და ნარკოტიკულ საშუალებას ყიდიო და მეუბნებიან რატომ ჩაუშვი ის ვინც პლაკატები ჩამოხიაო. მე უბრალოდ ბავშვს ვუთხარი, რომ არ ჩამოეხია პლაკატი,“ – გვიყვება მალეიქა გულიევა

გულიევას განცხადებით, ახალგაზრდისათვის აზერ სულეიმანოვის პლაკატების ჩამოხევაში ხელის შეშლის შემდგომ მის ძმას პოლიციელმა ბაბექ ალახვერდიევმა დაურეკა და უთხრა, რომ მალეიქას ეძებდნენ.

„დღეს, 1-2 საათისთვის ზარი შემოვიდა, რომ შენ დას ეძებენო. მე ვიკითხე, რატომ, რის გულისთვისო და იმან მითხრა, რომ ამბობენ, რომ შენი და ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდისო, მე ვუთხარი, რომ ამის შანსი არაა თქო და მაღაზიის წინ პეჩენიებს და კევებს ყიდის თქო. მითხრა, რომ როგორც შენი ახლობელი ისე გაუბნები, რომ შენს დას დააკავებენ და მიდი და უთხარი, რომ იქედან წავიდესო. უბნის ინსპექტორმა დამირეკა,“ – ამბობს ჯუმშუთ გულიევი

რადიო „მარნეული“ ბაბექ ალაჰვერდიევს დაუკავშირდა. ალაჰვერდიევმა ჩვენთან საუბრისას მის მიმართ გაკეთებული ბრალდებები კატეგორიულად უარყო და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გადაგვამისამართა.

რადიო „მარნეული“ პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან ელოდება.