საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “გირჩის” სარჩელი, გენდერული კვოტირების შესახებ. კერძოდ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო გირჩის სარჩელის ერთი ნაწილი, თუმცა, მეორე, რომლის მიხედვითაც პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს, კონსტიტუციურად მიიჩნია.
“კონსტიტუციური სარჩელი №1526 დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს მამაკაცი, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
კონსტიტუციური სარჩელი №1526 არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი, მე-3 და მე-4 წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის კონსიტიტუციურობას, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით”, — წერია საკონსტიტუციოს განცხადებაში.
რაც შეეხება სადავო მუხლს, რომელსაც “გირჩი” ასაჩივრებდა, ის პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ დაამტკიცა და მასში წერია:
“საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო ბლოკი, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, საარჩევნო სუბიექტს უბრუნდება სია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება”.
“გირჩში” მიიჩნევენ, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც პარტიები ვალდებულნი არიან სიაში ყოველი მე-4 ადამიანი განსხვავებული სქესის იყოს, მათთვის უფლებების შეზღუდვაა. პარტიამ ამ წესის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 10 ივლისსს დაარეგისტრირა.
“გირჩმა” 31 ივლისს პარტიული სიის პირველი ათეული გამოაქვეყნა, სადაც ქალები ვერ მოხვდნენ. პარტიაში ამობებენ, რომ კანდიდატები პრაიმერიზის მეთოდოლოგიით შეარჩიეს. საარჩევნო რეფორმის თანახმად კი სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის უნდა იყოს.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, ისინი ცესკოს მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ და ფორმალურ სიას შექმნიან, თუმცა პარლამენტში მაინც ისინი შევლენ, ვინ მხარდამჭერებმა გამოავლინა. ამავე დროს, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ სიაში ქალები მოხვდნენ, თუნცა პირველ ათულში არ არიან.