ბათუმში 21 საჯარო სკოლაში დირექტორებს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ

570

ბათუმში 21 საჯარო სკოლაში დირექტორებს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. როგორც ბათუმის რესურცენტრის დირექტორმა გოჩა დავითაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ამ დროისათვის საჯარო სკოლებს მოვალეობის შემსრულებლები მართავენ, რომელსაც აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ნიშნავს.

გოჩა დავითაძის ინფორმაციით, მოვალეობას ძირითადად სკოლის ყოფილი დირექტორები ასრულებენ, თუმცა ორი სკოლის დირექტორმა მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადა.

“ბათუმის საჯარო სკოლების დირექტორები 6 წლის ვადით იყვენენ არჩეულები, მათ ეს ვადა ამოეწურათ. ვადის გასვლის შემდგომ, შესაბამისად ავტომატურად თავისუფლდებიან თანამდებობიდან, სანამ საქართველოს განათლების სამინისტრო ახალ არჩევნებს გამოაცხადებს. საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ კონკურსის გამოცხადებამდე აჭარის განათლების სამინისტრო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს დანიშნავს. ამასთან, 13-ე და 16-ე საჯარო სკოლის დირექტორსაც ამოეწურათ ვადა, მაგრამ მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვეს, რადგან ისინი სხვა პოზიციებზე არიან დასაქმებულები”, – განაცხადა გოჩა დავითაძემ.