„ქართული ოცნება“ აჭარის წარმატებული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს აქვეყნებს

571

„ქართული ოცნება“ აჭარაში მიმდინარე და განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვიდეორგოლს აქვეყნებს.

წარმატებულ პროექტებს შორისაა ზარზმის გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, შუახევში საჯარო სკოლის მშენებლობა, პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“ და ღვინის ორი ქარხანა, ასევე შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სანერგე-საჩითილე მეურნეობა.

• ზარზმის გზის სამშენებლო სამუშაოები

ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები 5 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო 42 კმ-იან მონაკვეთზე, რომელსაც „ქუვეითის ფონდი“ აფინანსებს, გამარჯვებული გამოვლენილია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
პროექტი სამ მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47- კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. დაიგება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.
ხულო-ზარზმის განახლებული გზა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის სამცხე-ჯავახეთის რეგიონს და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უმოკლესი გზით დააკავშირებს. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. პროექტის ბიუჯეტი 109.5 მლნ ლარია.

• საჯარო სკოლის მშენებლობა

დაბა შუახევის სკოლის მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამების საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფარგლებში მიმდინარეობს.
შენდება 240 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა. მოეწყობა ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, სასადილო, ღია და სპორტული მოედანი. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარს აჭარბებს.

• შუახევის სანერგე-საჩითილე მეურნეობა

შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სანერგე-საჩითილე მეურნეობა პირველად გაიხსნა.
სანერგე და საჩითილე მეურნეობა ორიენტირებულია მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული, ეკოლოგიურად სუფთა, რაოდენობრივად უხვი მოსავლის ხეხილოვანი ნერგებისა და ბოსტნეული კულტურების ჩითილების წარმოებაზე და მთიანი აჭარის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს ემსახურება.
პროექტის ფარგლებში, ასევე გაიხსნა ვეტერინარული კლინიკა, სადაც განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი. ვეტერინარიის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 800 ათასამდე ლარს შეადგენს.

• ხილის გადამამუშავებელი საწარმო და ღვინის ქარხანა

კომპანია KTW-მა ააშენა და გახსნა 2 ახალი ქარხანა – ღვინის ქარხანა აჭარული ღვინის სახლით და ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა”.
ღვინის ქარხანაში სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში 1 700 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელ საწარმო „ნენაში“ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 1 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“ პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზართან ერთად, ევროპის ქვეყნებშიც ახორციელებს.
კომპანიამ ასევე ისარგებლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით. საწარმოსთვის დამტკიცებული გრანტის მოცულობამ 600 000 ლარი, ხოლო შეღავათიანმა აგროკრედიტმა – 877 000 ლარი შეადგინა.

• პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას პეტრას ციხის განახლებისთვის 750 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ციხის დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლებს, ასევე – დერეფნის უბანს. ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

აჭარის წარმატებული პროექტები

აჭარის წარმატებული პროექტები✔ ზარზმის გზის სამშენებლო სამუშაოები ✔ საჯარო სკოლის მშენებლობა ✔ სანერგე-საჩითილე მეურნეობა ✔ ხილის გადამამუშავებელი საწარმო და ღვინის ქარხანა✔ პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები#ერთადსაქართველოსწარმატებისთვის

Posted by ქართული ოცნება / Georgian Dream on ოთხშაბათი, 02 სექტემბერი, 2020