აფხაზეთის მთავრობამ შეცვლილი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეცვალა და რეჟისორ გოგა ხაინდრავას კომპანიას “ღვინო და კინო” 200 300 ლარს გადაუხდის ფილმის “სიმართლე აფხაზეთზე” გადაღებისთვის. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
დოკუმენტი, რომელიც “რადიო თავისუფლებამ” მოიპოვა, აფხაზეთის განათლების მინისტრის, როლანდ ნიჟარაძის ხელმოწერილია.
თანხის ერთი ნაწილის – 100 ათასი ლარის – გამოყოფა 2020 წლის ბიუჯეტიდანაა დაგეგმილი, დანარჩენი 100 300 ლარი კი 2021 წლის ბიუჯეტიდან უნდა დაიფაროს.
ნიჟარაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს ამბობს, რომ “მუჰაჯირობა” არის თემა, რომლითაც რუსეთი სარგებლობს. საკითხი არ იციან არც ახალგაზრდებმა და არც ძველი თაობის წარმომადგენლებმა. მისი აზრით, ამ საკითხზე წიგნიც უნდა დაიწეროს.
“გვინდა, რომ იცოდნენ აფხაზებმა, ვინ მოუწყო მათ მუჰაჯირობა, არა ჩვენ, ქართველებმა, როგორც გვაბრალებენ. უნდა მობრუნდეს ეს ახალგაზრდობა ჩვენკენ… ერთ-ერთ სუფრაზე ვითომ განათლებულმა აფხაზმა მითხრა, ბერიამ მუჰაჯირობა მოგვიწყოო – ეს რომ გაირკვეს, მთელმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს”, – ამბობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი.
მას ვკითხეთ, პანდემიის დროს, როდესაც ხალხი ხელისუფლებისგან სოციალურ დახმარებას ითხოვს, ამ მოცულობის თანხის ფილმის გადასაღებად დახარჯვა რამდენად მიზანშეწონილია, რაზეც ასეთი პასუხი გაგვცა:
“დევნილებმაც იციან, რომ ეს გასაკეთებელია… მოვითმინოთ, ქამარი მოვიჭიროთ და ეს უნდა გაკეთდეს. ეს არის პატრიოტული საკითხი”.
როლანდ ნიჟარაძემ ჯერ კიდევ 13 აგვისტოს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გოგა ხაინდრავას კომპანიისთვის 100 ათასი ლარის გამოყოფა გადაწყდა. მაშინ ამ დოკუმენტს აფხაზეთის მთავრობაში “გაუგებრობა” უწოდეს და შესყიდვების სააგენტოსთვის მიმართვაც გაუქმდა.
ხაინდრავა ამბობდა, რომ აფხაზეთის მთავრობამ ფილმის გადაღების გადაწყვეტილება ბულინგის გამო გააუქმა. მისი თქმით, ხარჯის 2/3-ს მისი კომპანია ფარავდა, დარჩენილი ნაწილის გადახდა კი აფხაზეთის მთავრობას უწევდა.
“ეს პროექტი გაკეთდება ყველა ვარიანტში. მიიღებს ამაში მონაწილეობას აფხაზეთის ხელისუფლება, რომლის ვალდებულებაც არის. ეს არ არის სურვილი, ეს არის ვალდებულება მისი”, – ამბობდა მაშინ ხაინდრავა.
ცნობილ რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და მის კომპანიას არაერთი ფილმი აქვთ გადაღებული. მათ შორის ერთ-ერთი, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის დაკვეთით. ფილმს “ჰეროკრატია” ერქვა, იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს შეეხებოდა.