კელი დეგნანი: ალბათ, არის შესაძლებლობა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩაერიოს

898

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი მისი წინამორბედების, კენეტ იალოვიცი, ჯონ ტეფტი და უილიამ კორტნის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება. ამბობს, რომ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ამ წლების მანძილზე გაწეული შრომის შედეგი და რამდენად შეძლებს ქვეყანა, ჩაატაროს იმაზე გაცილებით უკეთესი არჩევნები, ვიდრე ეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არჩევისას იყო.

“ჩემი წინამორბედების განცხადება მიუთითებს, რომ ისინი კვლავ დაინტერესებულები არიან საქართველოს წარმატებით და ქვეყნის მომავლით. ეს უჩვენებს იმას, რამდენად დიდია ინტერესი საქართველოს არჩევნებისა და ზოგადად, ქვეყნის პროგრესის მიმართ. მისი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით. რაც შეეხება დეზინფორმაციის თემას, რა თქმა უნდა, რუსეთისგან ასეთი საზიანო ქმედებები გვინახავს სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში. ევროპასა და ამერიკაშიც და შესაბამისად, ალბათ არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ იგივე განმეორდეს საქართველოშიც”, – ამბობს კელი დეგნანი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში ყოფილი დიპლომატები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობამ არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებით მთავარი გამოცდა უნდა ჩააბაროს დემოკრატიაზე, რაც გადამწყვეტი იქნება ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.

ელჩების აზრით, რუსეთი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში ჩარევასა და ამ გზით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენას შეეცდება.