ახალციხეში საბარგო სადგურზე მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათი მდგომარეობა გზის სამშენებლო სამუშოებისა და მტვრის გამო გაუსაძლისია. ადგილობრივები გზის მორწყვას ითხოვენ;
„დაგვაავადმყოფა ამ მტვერმა, ორ თვეზე მეტია ასე ვიხრჩობით, გარეთ ვერ გამოვდივართ, ბავშვებს ეზოში ვერ ვუშვებთ, ფანჯარას ვერ ვაღებთ, სარეცხს სახლში ვაშრობთ. ასე როდემდე უნდა ვიყოთ?!“ – კითხულობს ადგილობრივი ფიქრია ორმოცაძე.
მისი მეზობლების აიდა ესოიანისა და ირმა ყავრელიშვილის თქმით, თუ ტერიტორია დღის განმავლობაში ორჯერ მაინც არ მოირწყო, აქ მცხოვრებლებს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნებათ: „ამდენი ხანია მუშაობენ, აგვისტოში უნდა დაესრულებინათ მშენებლობა და ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის დააგებენ გზას. ჩვენ კი არადა, ბაღში აღარაფერი იხარებს რაც დავრგეთ და დავთესეთ, ისეთი საშინელი მტვერია“.
როგორც აქ მცხოვრები ერთ–ერთი ადგილობრივი ამბობს, მას შემდეგ, რაც გზის მშნებლობა დაიწყო, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა: „77 წლის ვარ, ისეც ბრონხების პრობლემა მაქვს. ჩვენი პატრონი არავინაა!“
ექიმ პულმონოლოგის გიორგი ნოზაძის თქმით, ნებისმიერი მტვერი, რომელიც ჰაერში ხვდება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მით უფრო სახიფათოა სამშენებლო მტვერი: „განსაკუთრებით გრძელვადიან პროცესში ამან შეიძლება მძიმე დაავადებები გამოიწვიოს. ეს შეიძლება იყოს ფილტვების ანთება და ფილტვებთან დაკავშირებული სხვა დაავადებები, ასევე, ზოგადად სასუნქთი გზების ანთება, რაც შეიძლება გადაიზარდოს სიმსივნეში“.
საბარგო სადგურზე მცხოვრებლების თქმით, მათ დახმარება ახალციხის მერს ვლადიმერ ზედგინძეს პირადად სთხოვეს: „გვითხრა, თქვენ ძალიან ბევრი მოინდომეთო. რატომაა ბევრი დღეში ორჯერ ზის მორწყვის თხოვნა?! ჯანმრთელობა და შვილები თუ შევწირეთ ასეთი გზა აღარ გვინდა“.
სამშენებლო სამუშაოების დამკვეთი საქართველოს საგზაო დეპარტამენტია. ამიტომ ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ მათ ამ პროცესებში უშუალოდ ჩარევის უფლება არ აქვთ. „ისე შეგვიძლია, რომ ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურის მანქანებით გზა მოვრწყოთ, თუმცა, ახლა ეს მანქანები ხანძრის კერებზე არიან აბასთუმანში. სამწუხაროდ, ასევე ბორჯომში ხანძრის გამო მანქანებს აქამდეც არ ეცალათ. ვიდრე ეს ვითარება იქნება, ვერაფრით დავეხმარებით“, – გვითხრეს ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების განცხადებით, არ არსებობს სამშენებლო პროექტი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიის მორწყვას არ ითვალისწინებს: „ადამიანის ჯანმრთელობაზე და ზოგადად დასახლებულ პუნქტებზე რომ არაფერი ვთქვათ, გარემოს, მცენარეებს და ბუნებას მნიშვნელოვნად აზიანებს სამშენებლო მტვერი“.
გზა მშენებლობისას აუცილებლად რომ უნდა მოირწყოს, ამაზე დამკვეთ უწყებაში, საქართველოს საგზაო დეპარტამენტშიც საუბრობენ: „როგორც წესი ყველა სამშენებლო ობიექტი ირწყვება, კონკრეტულად აქ როგორ არის არ ვიცით. ხანძრის გამო საგანგებო ვითარებაში ვმუშაობთ და ჯერ ვერ გადავამოწმებთ“.
საბარგო სადგურზე გზის მშენებელ კომპანიაში, შპს „ქროსფოინტში“ აცხადებენ, რომ გზას ყოველ დღე რწყავენ.
„მე ვარ იმ მანქანის მძღოლი, რომელი მანქანითაც გზა ირწყვება ყოველ დღე“, – ამბობს ევგენი ხიდაშელი.
მან ამის დასტურად იქვე მდგომი ერთ–ერთი ადგილობრივის ჯიმშერ კლდიაშვილის დამოწმება სცადა. თუმცა, ხიდაშელის თანდასწრებით კლდიაშვილმა განაცხადა, რომ მას აქ გზის მორწყვის პროცესი არასდროს უნახავს: „ჩემ შვილთან ვცხოვრობ აქ. გზა არასდროს მოურწყავთ“.
მიუხედავად ადგილობრივების განცხადებისა, მშენებლობის ზედამხედველი გიორგი არველაძეც ირწმუნება, რომ გზა ყოველ დღე ირწყვება: „სულ ვრწყავთ. ამ წუთშიც მაგაზეა მანქანა გასული. აქ სამშენებლო მასალის რეციკლირება ხდება და იმიტომაა ასეთი მტვერი. ცალ მხარეზე გზის დაგებას მალე დავიწყებთ, თუმცა, ამის მეორე მხარეს იგივე სამუშოები გვაქვს ჩასატარებელი და მტვერი ისევ ისე იქნება“.
საბარგო სადგურზე გზის მშენებლობა 16 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროექტში ცვლილებების შეტანის გამო, მშენებლობის ვადამ 30 ოქტომბრამდე გადაიწია. მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 2 910 881 ლარი იხარჯება.