ნატო ჩხეიძე: ჩემი პლაკატები “ოცნების” აქტივისტებმა ჩამობრდღვნეს, ვერ უშველით პლაკატების ფხრეწვა

606

შემდეგი სტატია

სააგიტაციო მასალების დაზიანების ფაქტი დაფიქსირდა ხაშურში. გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის კანდიდატი ხაშურის, ქარელისა და გორის ოლქში ნატო ჩხეიძე აცხადებს, რომ გასულ ღამეს მისი საარჩევნო პლაკატები ხაშურის რამდენიმე ქუჩაზე დააზიანეს და ჩამოხიეს. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ნატო ჩხეიძის შტაბმა „საქართველოს მედია-კლუბს“ მიაწოდა.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის შტაბის ცნობით, ჯამში 2 000-მდე საარჩევნო პლაკატია დაზიანებული, რაც კოორდინირებულ მუშაობაზე მიუთითებს.

პლაკატები ჩამოხეულია: გაგარინის, გორის, თამარის, ოქტომბრისა და სპორტის ქუჩებზე. შტაბს, ჯერჯერობით, სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მიუმართავს.

“წუხელ გაკრული ჩემი პლაკატები შუაღამისას ჩამობრდღვნეს “ოცნების” აქტივისტებმა და ქუჩაში მიყარ-მოყარეს. პლაკატების ფხრეწვა ვერ უშველის ივანიშვილის ოცნებას. ვერ დამეწევიან ვერც ხალხის თანაგრძნობაში, ვერც მათთან ერთად ბრძოლაში, ვერც ჭკუაში და ვერც ენერგიაში, – აცხადებს ნატო ჩხეიძე.

შეგახსენებთ, რომ ორგზის მოწვევის პარლამენტის წევრი, “პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი წევრი  ნატო ჩხეიძე “ძალა ერთობაშიას” სახელით მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს ხაშური, ქარელის და გორის ნაწილის საარჩევნო ოლქში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „საქართველოს მედია-კლუბი“ საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად, ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგს „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მონიტორინგის ანგარიშები ორგანიზაციის ვებპლატფორმაზე – www.droa.ge გამოქვეყნდება.