ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ადგილი აქვს ცესკოს დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას.
გიორგი კალანდარიშვილმა კონკრეტული ფაქტები მოიყვანა და აღნიშნა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევისას საოლქო საარჩევნო კომისიები ხელმძღვანელობენ საარჩევნო კანონმდებლობით და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრული სარეკომენდაციო კრიტერიუმებით.
„კვლავ აქვს ადგილი გარკვეული დისკრედიტაციის მცდელობას, რაზეც მეტყველებს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არიან პოლიტიკასთან დაკავშირებული პირები.
აღსანიშნავია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევისას საოლქო საარჩევნო კომისიები ხელმძღავნელობენ საარჩევნო კანონმდებლობით და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრული სარეკომენდაციო კრიტერიუმებით, რომელსაც ასევე წარმოადგენს პროფესიული გამოცდილება.
შესაბამისად, მნიშნველოვანია, რომ აღინიშნოს, ყველა იმ უსაფუძვლო ბრალდებაში მოყოლილ კომისიის წევრთა უმრავლესობას გააჩნია საარჩევნო ადმინისტრაციის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში და პროქტებში მონაწილეობის გამოცდილება, ასევე ზოგიერთ მათგანს გააჩნია 2018-2019 წლებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად ყოფნის გამოცდილებაც.
ამასთან, 19 სექტემბერს ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებულ რეპორტაჟში, სადაც საუბარია, რომ თითქოს, ერთ-ერთი არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის შემთხვევაში ადგილი აქვს მიკერძოებულობას, გვსურს განვმარტოთ, რომ სიუჟეტში, სადაც საუბარია თამილა დუმბაძეზე, სიუჟეტის ავტორის მიხედვით, თითქოს, არის ბათუმის ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, თუმცა, გვსურს, რომ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რეპორტაჟში ნაჩვენები ქალბატონი არ არის რეალურად ჩვენი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, უბრალოდ მას აქვს იდენტური სახელი და გვარი.
ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა აღნიშნული მედიით კომისიის წევრის თამილა დუმბაძის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით, სიცრუა. ვინაიდან, სიუჟეტში ნაჩვენები პირი არ არის ჩვენ მიერ არჩეული კომისიის წევრი, ის არის სხვა თამილა დუმბაძე“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
შეგახსენებთ, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი „ევროპული საქართველოდან“ ბესიკ დონაძე აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიის ნეიტრალურ წევრებად აირჩია პირები, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ არიან დაკავშირებულები. მისივე თქმით, ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისია გადაქცეულია „ქართული ოცნების“ დამატებით შტაბად.