„ევროპული საქართველო“ ზუგდიდის საოლქო კომისიას საუბნო საარჩევნო კომისიის ნეიტრალურ წევრებად მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირების დანიშვნაში ადანაშაულებს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები #67-ე საოლქო კომისიას „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამატებით საარჩევნო შტაბად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ უბნებში კომისიის წევრებად, ძირითადად, სკოლის დირექტორები და თვითმმართველი ორგანოების თანამშრომლები არიან არჩეულები. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ძირითადად სკოლის დირექტორები, მერიის, საკრებულოს, საბაშვო ბაღების, სოციალური მომსახურების სააგენტოს და მერიის მიერ დაფუძნებული აიპების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები.
„ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიის ნეიტრალურ წევრებად აირჩია პიროვნებები, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ არიან დაკავშირებულები , ასევე ზუგდიდის მერიის თანამშრომლები, საკრებულოს თანამშრომლები, მერიის ააიპ-ების, თანამშრომლები, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები. ეს პირები არიან მონურ მორჩილებაში და უპირობოდ შეასრულებენ დავალებას, რომელსაც მისცემს „ქართული ოცნება“. სამწუხაროა, რომ ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისია გადაქცეულია მმართველი პარტიის კანდიდატის დამატებით შტაბად“, – თქვა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ბესიკ დონაძემ.
#67 საოლქო კომისიაში ამბობენ, რომ საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრების არჩევა გამჭვირვალე იყო და პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„სკოლის დირექტორები, საბავშვო ბაღის მასწავლებლები იღებდნენ კონკურსში მონაწილეობას. 107 უბანზე, 642 ადგილზე გამოვაცხადეთ კონკურსი. 693 აპლიკანტიდან კონკურსში მონაწილეობა მიიღო 655 კონკურსანტმა. ვინაიდან ახალი საკანონმდებლო რეგულაციებით, ბოლო არჩევნებიდან და ჩვენთვის ეს გახლდათ 2019 წლის მერის რიგგარეშე არჩევნები, ვინც იყო პარტიიდან დანიშნული კომისიიის წევრი ავტომატურად ვარდებოდა, კონკურსში არ იღებდა მონაწილეობას. ეს იყო ერთ-ერთი შეზღუდვა ახალი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე. მოგეხსენებათ, რომ ეს არის კოლეგიური ორგანო და საოლქო საარჩევნო კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული კონკურსანტი უნდა იყოს თუ არა არჩეული“, – ამბობს საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი.
საოლქოში ამბობენ, რომ საუბნო კომისიის წევრები ცესკოს რეკომენდაციებისა და მათი გამოცდილების მიხედვით აირჩიეს.