ზუგდიდში მოსახლეობა ნაგავსაყრელის მოწესრიგებას ითხოვს

988

ზუგდიდის შემოსასვლელში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, შაბათს, 19 სექტემბერს. მათი უკმაყოფილების მიზეზი ნაგავსაყრელზე არსებული ანტისანიტარიაა. შეკრებილებმა რამდენიმე წუთით გზაც გადაკეტეს და “ზუგდიდდასუფთავების” მანქანები არ გაატარეს. მათი მოთხოვნაა ნაგავსაყრელის გადატანა სხვა ადგილას, ან მისი მოწესრიგება იქ, სადაც არის. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ნაგავსაყრელის და მის ირგვლივ პერიმეტრის სპეციალური ხსნარით დამუშავება საკმარისად არ ხდება და აქ ძაღლები და ბუზები ირევიან, რის გამოც გარეთ ვეღარ უშვებენ საქონელს.

შეკრებილების თქმით, თუ რეაგირება არ იქნება პრობლემაზე, მაშინ სამშაბათ დილისთვის უფრო მეტი ადამიანი მოიყრის თავს, გზას გადაკეტავენ და ქალაქში არავის შეუშვებენ.

მყარი ნარჩენები მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი ნაგავრსაყრელს და მის ირგვლივ ტერიტორიას თვეში ოთხჯერ ამუშავებენ სპეციალური ხსნარით, რისთვისაც თბილისიდან სანიტარული ჯგუფები ჩამოდიან. თუმცა, კომპანიის უფროსი კოორდინატორი სამეგრელო-ზემო სვანეთში გელა ფარცვანია ამბობს, მოსახლეობის შეფასებით, ეს საკმარისი არ არის.

“გუშინწინაც იყვნენ, მაგრამ არ ყოფნისო. ქალაქიდან ხომ მოდის ეს მანქანა, ახალ ნაგავს ახალი ბუზი მოყვება. ნაგავსაყრელზე ბუზის ამოგდება ძალიან რთული თემაა. შემოგვთავაზეს და დაველაპარაკები ერთ პიროვნებას, ვინც შეწამვლას ახდენს, თუ რა შეუძლია, რომ თბილისიდან არ ჩამოვიდეს ჯგუფი. ხან ტექნიკაა პრობლემა, ხან რაღაც გაფიჭდება. ყველაფერი ჩვენს გემოზე არ არის აწყობილი”, – აღნიშნა გელა ფარცვანიამ.

მისი თქმით, ხდება მონიტორინგი მათ მიერ გაწეული სამუშაოსი ამ რეგიონულ ნაგავსაყრელზე და უფრო მეტ ძალისხმევას მიმართავენ, რათა მოსახლეობას დისკომფორტი არ ჰქონდეს.

ამბობს, რომ ეს ნაგავსაყრელი მალე დაიხურება და ამავე ადგილას რეგიონს უახლოეს მომავალში ახალი, ევროპული სტანდარტების ნაგავსაყრელი მოემსახურება. გელა ფარცვანიასვე განმარტებით, იყო სკოპინგის პრეზიენტაცია და უკვე საინჟინრო სამუშაოების ეტაპზე არიან.

“მოსახლეობას აქცენტი ჰქონდა უფრო მანქანებზე. კარგი, ბეტონის გზაა შემოსასვლელში დაგებული, სადაც ჩქარა მოძრაობენო ავტომანქანები და მტვერი გვაწუხებსო. მე ველაპარაკე დასუფთავებასა. მწოლიარე პოლიციელსაც დავაგებთ. საგანგაშო მდგომარეობა არ არის. 24 საათიანი რეჟიმით ვმუშაობთ”, – აღნიშნა გელა ფარცვანიამ.

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანის” დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა “ლაივპრესს” ჯერ კიდევ 2017 წელს განუცხადა, რომ ზუგდიდში დაახლოებით 2020 წლისთვის ახალი, ევროპული სტანდარტების ნაგავსაყრელი მოეწყობოდა, რისთვისაც 15 მილიონ ევრომდე დაიხარჯება.