თამაზ მეჭიაური თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებულ ძალადობრივ პროცესებს “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წარმომადგენლებს უკავშირებს და საკუთარი მძღოლის თვითმკველობის მცდელობაზე საუბრობს. გარდა ამისა, თიანეთის მერი, მეჭიაური ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სახელისუფლებო წარმომადგენელი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრია. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მართვაში “ოცნების” დამფუძნებლები არ არიან ჩართულები. მმართველ ძალას ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები წარმოადგენენ, რომლებიც ამჟამად ხელისუფლებაში არიან. სწორედ ისინი დომინირებენ საპარლამენტო და აღმსასრულებელ ხელისუფლებაში. მე ვერ გეტყვით მათ სახელებს და გვარებს, რადგან ფაქტობრივად, ყველა ყოფილი ნაციონალია, – ამბობს თამაზ მეჭიაური გადაცემაში “დღის სტუმარი”.
გარდა ამისა, მეჭიაური არაა დარწმუნებული, რომ საკუთარ საქმიანობას უკავშირდება ხუმარაშვილის კონფლიქტი თიანეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულთან, ზურაბ ბექაურთან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 სექტემბერს თამაზ მეჭიაურის მძღოლმა საკუთარ სახლში თვითმკვლელობა სცადა. 22 წლის გიორგი ხუმარაშვილის მდგომაროება ამ დროისთვის მძიმეა – ის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შსს-მ საქმე 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცნობისთვის, თამაზ მეჭიაურმა “ქართული ოცნება” 2016 წელს დატოვა. 31 ოქტომბრის არჩევნებზე კი ის მცხეთა-მთიანეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისათვის იბრძოლებს.