თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის მძღოლმა თვითმკვლელობა სცადა

1336

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის თამაზ მეჭიაურის მძღოლმა, 22 წლის გიორგი ხუმარაშვილმა თვითმკვლელობა სცადა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და თბილისში, ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული. ინფორმაციას მთის ამბები ავრცელებს.

გიორგი ხუმარაშვილის დედის თქმით, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა, გუშინ, 17 სექტემბერს, გვიან საღამოს მომხდარი ინციდენტი მის შვილსა და ხევსურთსოფელში თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ზურაბ ბექაურს შორის.

„ზურაბ ბექაურს ჩემი შვილი თბილისში უნდა წაეყვანა. გიორგი მას სამი საათის განმავლობაში ურეკავდა. ის ეუბნებოდა, ერთ საათში მოვალ, ორ საათში მოვალ, სამ საათში მოვალო. 23:30 საათი იყო, რომ დაურეკა – სად ხარ, თუ ასე დაიგვიანებდი, დაგერაკა და გეთქვაო. ამ დროს ზურა უკვე ჩვენს ჭიშკართან იყო მოსული. სანამ ჩემი შვილი გავიდოდა, მე გავედი, რადგან ზურა ნასვამი იყო და ყვიროდა, მაგის უფლება ვინ მოგცა, შენ უნდა გითხრა, როდის წავიდეო? შეურაცხყოფა მიაყენა, დაარტყა. ჩემმა შვილმაც გაიწია. მე ვაშველებდი, შუაში ვიდექი. ბექაური დაემუქრა, ნახე რას გიზამო.

ზეწოლას ახდენდა. ინფორმაცია უნდოდა, რომ გაეგო სად მიდიოდნენ, რას აკეთებდნენ. შეხვედრები ვისთან ჰქონდათ. ბექაურის მიყვანილია იქ (თიანეთის მერიაში) ჩემი შვილი. ეგონა, რომ თავის ჭკვაზე ატარებდა. შვილი გადამირჩეს, თორემ ზურაბ ბექაურს ვერც შალვა კერესელიძე უშველის, ვერც ჩახმახაშვილი უშიშროებიდან და ვერც ვერავინ“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი ხუმარაშვილის დედამ.

ხევსურთსოფელში მერის წარმომადგენელი ზურაბ ბექაური ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. მისი თქმით, გუშინ, საღამოს, შეხვედრისას გიორგი ხუმარაშვილი აგრესიული იყო და შეურაცხყოფა მიაყენა: „არჩევნებს არ უკავშირდება. რა ინფორმაცია უნდა გამეტანა? ან რაში მჭირდებოდა?“.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი შალვა კერესელიძე, რომელიც ახლა „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობის კანდიდატია მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში, მაქსიმალურად, კანონიერი თუ უკანონო საშუალებებით ცდილობდა მისი ხალხის გადაბირებას.

„გიორგი გუშინ მესაუბრა ტელეფონზე, რომ აპირებდა შვებულების აღებას, რათა საარჩევნო კამპანიის დროს ჩემთან ერთად ყოფილიყო. რაიმე აღელვება არ ეტყობოდა.

გიორგის რაღაც ინფორმაცია ჰქონდა, რომელიც ჩემამდე ვერ მოიტანა“, – ამბობს მეჭიაური.

მისივე თქმით, ის თითქმის სამი კვირაა შვებულებაში იმყოფება და უახლოეს დღეებში მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას აპირებს, რადგან კენჭს იყრის საპარლამენტო არჩევნებში მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარად მისივე პარტიიდან „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“.

გიორგი ხუმარაშვილის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„მთის ამბები“ შალვა კერესელიძესთან დაკავშირებას ცდილობდა, მაგრამ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა.