რუსთავის ინოვაციების ჰაბის მიერ გამოცხადებული ბიზნეს სტარტაპების კონკურსის პირველი ეტაპი, განცხადებების მიღება, დასრულდა. კონკურსში სულ 25 განაცხადია მიღებული. ამის შესახებ ტვ4-ს რუსთავის ინოვაციების ჰაბის თავმჯდომარემ, რეზო ბარბაქაძემ, განუცხადა.
“შემდეგი ეტაპი იქნება უკვე ამ განაცხადების პირველადი ფილტრაცია, საიდანაც ჩვენ შევარჩევთ 8-10 განაცხადს და ამ განაცხადის ავტორებს, მათ გუნდებს ჩაუტარდებათ პრეაქსელერაციის პროცესს, რომელიც ამ თვის ბოლოდან დაიწყება და ორი კვირა გაგრძელდება. შემდგომში 3 ყველაზე წარმატებული პროექტის მხარდაჭერა მოხდება ჩვენი მხრიდან ფინანსურად”, – აცხადებს რეზო ბარბაქაძე.
რუსთავის ინოვაციების ჰაბმა პარტნიორებთან ერთად ,ახალგაზრდული სტარტაპ იდეების კონკურსი 2020 წლის 1-ელ სექტემბერს გამოაცხადა. შერჩევის პროცესში, უპირატესობა ენიჭებოდა ისეთ იდეებს, რომლებიც მდგრადი არიან “კოვიდ-19” პანდემიის მსგავს კრიზისულ სიტუაციებში. კონკურსის მთავარი არსი ბიზნესიდეის შეთავაზებაა, რომელიც აუცილებლად რუსთავში გაკეთდება და ქალაქისთვის ფუნქციურად მნიშვნელოვანი იქნება
კონკურსში მონაწილეობა ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფს, ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე შეეძლოთ.