მარნეულის მერიამ 163 დროშა შეიძინა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ დროშები გამარტივებული წესის 2334 ლარად, ინდმეწარმე ედუარდ ტუნიანისგან იყიდა. დროშების შეძენასთან დაკავშირებით მოხსენებითი ბარათი მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელს, ზაურ ტაბატაძეს, მერიის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილბის ხელმძღვანელმა ბესიკ სეხნიაშვილმა წარუდგინა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას ესაჭიროება ეროვნული და ევროკავშირის დროშები.
საქართველოს დროშა ზომით 1მ / 1,5 მ – 115 ცალი.
საქართველოს დროშა ზომით 2მ / 1 მ – 8 ცალი.
ევროკავშირის დროშა ზომით 1მ / 1,5 მ – 40 ცალი.
გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს შესყიდვებთან
დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება,“- წერია ხელშეკრულების ბარათში.
რადიო „მარნეული“ დაინტერესდა კონკრეტულად რა მიზნისთვის შეიძინა მერიამ დროშები, რისთვისაც ბესიკ სეხნიაშვილს დავუკავშირდით. მან კომენტარზე უარი განაცხადა და გვკითხა, თუ საიდან გვქონდა ჩვენ ინფორმაცია დროშების შეძენასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელს, ზაურ ტაბატაძე ამბობს, რომ არსებული დროშების უმრავლესობა მწყობრიდან გამოვიდა.
„დროშები საკმაოდ ხშირად გამოდის მწყობრიდან. ყველა ადმინისტრაციულ ეთეულებში შესაცვლელია. ასევე, მოგეხსენებათ გვაქვს შადრევანი ძალიან კარგი, ადმინისტრაციული შენობები და ამიტომ დაგვჭირდა ყიდვა. დახეული სახელმწიფო დროშა მგონი ვერ ქმნის მაინცდამაინც სასიამოვნო ასოციაციას,“ – თქვა ზაურ ტაბატაძემ.
ედუარდ ტუნიანმა მანეულის მერიას დროშები 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიაწოდოს