ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მრავალფეროვანი რეკრეაციული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთავში დასასრულს მიუახლოვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტერიტორიაზე ჯერ საბოლოოდ დასრულებული არ არის, ლეონიძის სკვერი რუსთაველებისთვის სასურველ დასასვენებელ და ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილად უკვე იქცა. ალბათ იმიტომ, რომ სკვერში შეხვდებით ისეთ განსხვავებულ გასართობ სივრცეებს, რომელსაც ქალაქის ვერცერთ სხვა ლოკაციაზე ვერ ნახავთ. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.
სკვერის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ალბათ ექსტრემალური ველომოედანია, რომელიც პირველად რუსთავში, სწორედ აღნიშნულ სივრცეში განთავსდა. მიმდებარე მიკრორაიონებში მცხოვრები ბავშვები ე.წ. pumptrack-ით უკვე აქტიურად სარგებლობენ.
გარდა ამისა, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ მრავალფუნქციურ დასასვენებელ სივრცეში წარმოდგენილია სატრენაჟორო ზონა, ატრაქციონები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, მინი საკალათბურთო და საბავშვო მოედანები, სკეიტ პარკი, საჩოგბურთო მოედანი, სპეციალურად გამოყოფილი სივრცე ცხოველებისთვის და 2 საზოგადოებრივი საპირფარეშო.
ნაგვის ურნებიც კი, რომელიც რეკრეაციულ ზონაშია განთავსებული, ორიგინალური და განსხვავებულია.
ლეონიძის სკვერის პროექტის ღირებულება 1 775 830 ლარია. სკვერში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს უნდა დასრულდეს.