მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები ფართოვდება

1053

მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები ფართოვდება. შესაბამისი ცვლილებები „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის და მას დღეს, პირველი მოსმენით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს.

კანონპროექტის თანახმად, მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების ფართობში 1022.5 ჰექტარის ნაცვლად, 5958.3 ჰექტარი ტერიტორია შევა. დოკუმენტის მიხედვით, მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებში შევა როგორც მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი, ასევე ცივ-გომბორის აღკვეთილი.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ეს ტერიტორია წარმოადგენს მეტად მნიშვნელოვან ბიოგეოგრაფიულ ერთეულს, რომელიც ზურმუხტის ეკოლოგიურ ქსელში შედის და წარმოდგენილია სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის ტერიტორიებისაგან, რომლებსაც გრძელვადიანი გარანტირებული დაცვა სჭირდება.

განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ცვლილებების მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ცივ-გომბორის აღკვეთილისათვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ისეთი მერქნიანი სახეობები, როგორიც არის მაღალმთისა და ჭალის მუხა და უთხოვარი. საქართველოს წითელი ნუსხის ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია მურა დათვი და იშვიათად გვხვდება კეთილშობილი ირემი.

„ამასთანავე აღნიშნული ფართობებს აქვს საკვანძო მდებარეობა, სადაც მოხვედრილ ტურისტს ეძლევა შესაძლებლობა მოხვდეს სოფ. თეთრ წყლებში, შუამთაში, თელავში, წინანდალში და უძველეს ისტორიულ ქალაქ ჭერემთან; – „ბებერი კლდის“ მიდამოებში წარმოდგენილია ხელუხლებელი მუხნარი უთხოვრის ქვეტყით, რომლის ანალოგი არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება,”- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.