ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ხის კენწეროების ბილიკის მოწყობა 2023 წლის ბოლოს დასრულდება

597

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ხის კენწეროების ბილიკის მოწყობა 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკის მოწყობის პროექტს მეიჯარე კომპანია შპს „კასს სქაი ბრიჯ“ განახორციელებს. ინვესტორს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 წლის განმავლობაში, არანაკლებ 8 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების და ეკოტურისტული და რეკრეაციული დანიშნულების ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულება აქვს აღებული.

პროექტის განხორციელებისთვის გამოცხადებულ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე Kass Group-ის შვილობილმა კომპანია „კასს სქაი ბრიჯმა“ გაიმარჯვა. ხის კენწეროების ბილიკის პროექტი გერმანულ-ჰოლანდიურმა კომპანია, CITYFORESTER-მა მოამზადა, რომელიც ევროპის წამყვან ქვეყნებში არქიტექტურა/ურბანიზმის მიმართულებით მუშაობს. CITYFORESTER-ის გარდა, ბილიკის საპროექტო სამუშაოების მომზადების პროცესში ორი უცხოური კომპანია: OPENFABRIC და IMAGINE STRUCTURE და ერთი ქართული ორგანიზაცია CENN იყო ჩართული.

ხის კენწეროების ბილიკის, საინფორმაციო ცენტრის და საპარკინგე სივრცის მოწყობაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტომ მიწის ნაკვეთებზე, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონი 2020 წლის 10 იანვარს გამოაცხადა. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 წლის განმავლობაში განახორციელოს არანაკლებ 8 მილიონი ლარის ინვესტიცია და მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის.

პირველი ხის კენწეროების ბილიკი ლაგოდეხში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, მოეწყობა. სააგენტოს ინფორმაციით, ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს.

“მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით ერთი წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი იქნება”,– აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.