ნადირაშვილი: ვაზიანში „ქართული ოცნების“ აქტივისტები ჩვენი შტაბის წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ, ვთხოვ, შესაბამის ორგანოებს, მიიღონ ზომები

627

პარტია „ევროპული საქართველოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, გარდაბნის რაიონში, სოფელ ვაზიანში „ევროპული საქართველოს“ შტაბის მოხალისეებს, ხელისუფლების წარმომადგენელმა „ქართული ოცნების“ აქტივისტები მიუგზავნა, რომლებიც ყვირილითა და შეძახილებით ცდილობდნენ ხელის შეშლას.

ნადირაშვილის თქმით, მათ აქვთ ამ ფაქტის დამადასტურებელი მასალები და საჭიროა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა შესაბამისი ზომები მიიღონ.

„რუსთავის საარჩევნო შტაბის მოხალისეებთან, გარდაბნის რაიონში, სოფელ ვაზიანში, სადაც ჩვენი შტაბის წარმომადგენლები აქტივისტები იყვნენ ჩასულები და ავრცელებდნენ სააგიტაციო მასალას, ერთ-ერთ კორპუსთან იმართებოდა მცირე შეხვედრა, ჩვენს აქტივისტებს აედევნა შავი ავტომობილი, „ტოიოტა პრადო“. ჩვენი ინფორმაციით ამ ავტომობილში ლევან მენახშირიშვილი იჯდა. ჩვენი ინფორმაციით ის სოფელ ვაზიანში გახლავთ სახელმწიფოს წარმომადგენელი. ამ ადამიანმა დააორგანიზა „ქართული ოცნების“ აქტივისტები და მიუსია ჩვენს ჯგუფს. ისინი ცდილობდნენ ხელის შეშლას, ყვირილით ცდილობდნენ ჩვენი შტაბის წარმომადგენლებზე ზემოქმედებას. მე მინდა, ამ ადამიანსა და „ქართულ ოცნებას“ ვუთხრა, თუ თქვენ მხოლოდ კეკლუცობისთვის არ დააყენეთ ინიციატივა, რომ დაისაჯოს საარჩევნო კამპანიის დროს ხელის შეშლა, მაშინ მე წარმოგიდგინეთ პიროვნება, წარმოგიდგინეთ ავტომობილიც და მე მინდა ვთხოვო შესაბამის ორგანოებს, რომ მიიღონ ზომები“, – განაცხადა ნადირაშვილმა.