მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შეძენილი 5 ახალი ავტობუსი უკვე საქართველოში ჩამოვიდა.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ განაცხადა, რომ ავტობუსები მარნეულში ახლო მომავალში ჩამოვა. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რომელი მიმართულებით ივლიან ახლადშეძენილი ავტობუსები.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ავტობუსების შესაძენად ტენდერი 19 მარტს გამოაცხადა.
სატენდერო წინადადების მიხედვით, მერია ავტობუსების შესაძენად 1 335 000 ლარის დახარჯვას აპირებდა. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ „ჯი-თი გრუპ“-მა და შპს „აზია სერვისი“-მ მიიღო.
შპს „აზია სერვისი“-მა მერიას ავტობუსების ჩამოყვანა 1 268 800 ლარად, ხოლო „ჯი-თი გრუპ“-მა 1 311 000 ლარად შესთავაზა. ტენდერის გამარჯვებული „ჯი-თი გრუპი“ გახდა. მერიამ მასთან ხელშეკრულება 28 მაისს გააფორმა.