პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არ დატოვებენ მათი პოლიტიკური ძალის მიმართ გამოხატულ აგრესიას უყურადღებოდ. მამუკა ხაზარაძემ პარტიის ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენისას, დადიანების ეზოში „ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერების დახმარებით სცადა პროვოკაციის მოწყობა.
როგორც პარტიის ლიდერმა განმარტა, მათ მოახდინეს ყველა იმ პირის იდენტიფიცირება, რომელიც 9 სექტემბერს მომხდარ დაპირისპირებაში იღებდნენ მონაწილეობას.
მანვე აღნიშნა, რომ ამ პირების უმრავლესობა დასაქმებულია საჯარო სამსახურში და მათ ხელფასები ეძლევათ ბიუჯეტიდან, რომელსაც ხალხი ავსებს.
„ჩვენ მოვახდინეთ მათი იდენტიფიკაცია და მე მინდა წარმოგიდგინოთ ის ხალხი ვინც ჩვენი გადასახადის შეტანით და ჩვენ ხარჯზე, ამ შემთხვევაში „ლელოს“ წინააღმდეგ აწყობენ პროვოკაციას. ადამიანები, რომლებიც შემოვარდნენ „ლელოს“ ლოკაციაზე გახლავთ:
მადონა მაქაცარია – ბიბლიოთეკის დირექტორი, რომელიც ფინანსდება ჩვენი ბიუჯეტიდან;
როლანდ მაქაცარია – სპორტის ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი;
ჯაბა შენგელია – კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი;
ვახო ზარანდია – „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და ასევე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.
მე მაქვს კითხვა „ქართულ ოცნებასთან“, კერძოდ მის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან, რომ ეს მეთოდები იყო 90-იან წლებში. ამ მეთოდებმა საქართველო გახლიჩა და ამ მეთოდებმა საქართველოს სიკეთე არ მოუტანა. ჩვენ ყველა ასეთ ფაქტზე დავიწყებთ იდენტიფიცირებას და არცერთ ფაქტს არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
დადიანების ეზოში 9 სექტემბერს გამართულ „ლელოს“ საარჩევნო შეხვედრაზე დაპირისპირება მოხდა. ეროვნული მოძრაობის წევრები პოლიტიკური გაერთიანების ლიდერებთან პრეტენზიებით მივიდნენ. ერთ-ერთი მათგანის დალი ლატარიას განცხადებით, „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე წლების წინ უპირისპირდებოდა ეროვნულ მოძრაობას, რასაც ვერ პატიობენ. მომხდართან დაკავშირებით ინციდენტის შემდეგ კომენტარი გააკეთა მერიის ააიპ-ის წარმომადგენელმა მადონა მაქაცარიამ. მისი განმარტებით, სამუშაო დროის დასრულების, 6:00 საათის შემდეგ ის არ არის „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ დირექტორი.