დადიანების ეზოში 9 სექტემბერს გამართულ „ლელოს“ საარჩევნო შეხვედრაზე დაპირისპირება მოხდა. ეროვნული მოძრაობის წევრები პოლიტიკური გაერთიანების ლიდერებთან პრეტენზიებით მივიდნენ. მათ შორის იყვნენ მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომლები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. უწყების ცნობით, მომხდარის შესწავლა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, ხულოგნობის მუხლით მიმდინარეობს.
„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას მამუკა ხაზარაძეს რამდენიმე მოქალაქე დაუპირისპირდა. მათ “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ეროვნული მოძრაობის წევრების დევნაში დაადანაშაულეს და ასევე, პრეტენზიები ჰქონდათ ხაზარაძის ბანკთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე წლების წინ უპირისპირდებოდა ეროვნულ მოძრაობას, რასაც ვერ პატიობენ.
თავის მხრივ, პარტიის მხარდამჭერებმა მათ ხელისუფლების მოგზავნილები უწოდეს. ადგილზე მისული იყვნენ სამართალდამცავები.
მომხდართან დაკავშირებით ინციდენტის შემდეგ კომენტარი გააკეთა მერიის ა(ა)იპ-ის წარმომადგენელმა მადონა მაქაცარიამ. მისი განმარტებით, სამუშაო დროის დასრულების, 6:00 საათის შემდეგ ის არ არის „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ დირექტორი.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არ დატოვებენ მათი პოლიტიკური ძალის მიმართ გამოხატულ აგრესიას უყურადღებოდ. მან პარტიის ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერების დახმარებით სცადა პროვოკაციის მოწყობა.