„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე პენსიონერებს შეხვდა.
“სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას ჩიხლაძე დღეს არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას შეეხო და არაპენსიონერებისთვის მაღალპროცენტიან საბანკო ვალდებულებებზე, მოქალაქეების დაკარგულ ქონებაზე და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზეც ისაუბრა.
„მორიგი შეხვედრა გავმართეთ მოქალაქეებთან და ამომრჩევლებთან. არიან დაინტერესებული მოქალაქეები, ამომრჩევლები, რომლებსაც სურთ გიორგი ვაშაძესთან შეხვედრა, ჩვენი გეგმების მოსმენა, ძირითადად იმ მიმართულებით, რაც ეხება პენსიებსა და ვალების თემას, პროცენტის განახევრებას, მედიკამენტების ფასებს და მსგავს ეკონომიკურ- სოციალურ თემატიკას,” – აცხადებს ჩიხლაძე და აღნიშნავს, რომ მსგავს შეხვედრებს მისი თანაგუნდელები მოსახლეობასთან ყოველდღიურად მართავენ.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, რომელზეც ერთი წელია, 2019 წლის ოქტომბრიდან ყოველკვირეულად ვაკეთებთ პრეზენტაციას თითოეულ მიმართულებაზე, როგორიცაა, ინდუსტრიის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, სოციალური, განათლების სფეროს, IT ტექნოლოგიების და ა.შ. განვითარება. ყველა მიმართულება დამუშავებულია და პარტიას აღნიშნული გეგმების დიდი პრეზენტაცია ახლო მომავალში გვექნება, მანამდე კი ჩვენ ყველა მსურველს ვხდებით შეძლებისდაგვარად და მათთვის სასურველ თემებზე ვესაუბრებით,“ – განაცხადა ჩიხლაძემ.
დასასრულს, ჩიხლაძემ მოქალაქეებს პარტიის სამოქმედო გეგმები და სტრატეგიები გააცნო და განაცხადა, რომ დეკემბერში საპენსიო სესხზე უსამართლოდ მაღალი პროცენტები ჩამოიწერება, ხოლო 2021 წლიდან ყველა სესხზე პროცენტი განახევრდება.