აჭარის უმაღლეს საბჭოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია აბულაძე აცხადებს, რომ აჭარაში “ქართული ოცნება” საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებად პარტიასთან დაახლოებულ პირებს ნიშნავს.
გია აბულაძეს მიაჩნია, რომ ამ ფორმით “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.
იგი საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს, რათა აღნიშნული პირების პოლიტიკური ნიშნით არჩევა არ მოხდეს.
„ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეტანილი აქვთ განცხადებები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ პირებს. ასევე ჩვენთვის ცნობილია, რომ საოლქო კომისია გეგმავს აღნიშნული პირების დანიშვნას საუბნო საარჩევნო კომისიაში, რაც პოლიტიკური ნიშნით „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ კომისიის წევრების დაკომპლექტებას ნიშნავს. ამ ადამიანების უმეტესობა გასულ წლებში არჩევნებზე “ქართული ოცნებას” წარმოადგენდნენ საარჩევნო კომისიებში.”ქართული ოცნების” დავალებით იგეგმება იმ კომისიების შეცვლა, სადაც “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები წააგო, რითაც შეეცდებიან არჩევნების გაყალბებას, მაგალითად ასეთი უბნებია შუახევში მე-4, მე-15, 41-ე და სხვა.
ჩვენ დღესვე მივმართავთ საოლქო საარჩევნო კომისიებს, რათა არ იქნან არჩეული ეს პირები.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ: 1. საოლქო საარჩევნო კომისიებს არ მოახდინონ პოლიტიკური ნიშნით საუბნო კომისიის წევრების დანიშვნა;
სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შეფასება მიეცეს კომისიების პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტების ფაქტს”,- აცხადებსაბულაძე.