საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ სოფელ დუისში გამართულ აქციებს, რომელიც 2020 წლის 29 აგვისტოს და 5 სექტემბერს გაიმართა.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ 29 აგვისტოს ჩატარებულ აქციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახულია აქციის მონაწილის მუქარის შემცველი განცხადებები პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მისამართით. მოსალოდნელი თავდასხმის თავიდან აცილების მიზნით, 5 სექტემბერს პანკისის სათემო რადიოს ხელმძღვანელობამ ჟურნალისტური საქმიანობისა და ტექნიკური სამუშაოების განსახორციელებლად ხეობაში დაგეგმილი სამუშაოები და მივლინებები გააუქმა.
“5 სექტემბრის აქციის მონაწილეებმა მთივლიშვილის მიერ რადიოს დატოვება მოითხოვეს. აქციაზე კვლავ გაჟღერდა ჟურნალისტის მიმართ ძალის გამოყენების მუქარა. საქართველოს კანონმდებლობით მუქარის შემცველი და პირის მიმართ ძალადობის მოწოდებისკენ მიმართული განცხადებები სცდება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს; ამასთან, აქციებზე გაკეთებული განცხადებები შეიცავს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების ხელის შეშლის ნიშნებს”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მედიის მნიშვნელოვან როლს ხეობაში მიმდინარე პროცესების გაშუქებაში და მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად დაიწყოს გამოძიება ზემოხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით; ასევე შეაფასოს გელა მთივლიშვილისა და პანკისის რადიოს სხვა თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის რისკები და მიიღოს სათანადო ზომები მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად“.
სოფელ დუისში, პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ პირველი აქცია 29 აგვისტოს გაიმართა, მეორე კი – 5 სექტემბერს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება “პანკისის რადიოს” მიმართ მუქარის ფაქტზე. როგორც “პანკისის სათემო რადიო” აცხადებს, მათ წინააღმდეგ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, 2020 წლის 29 აგვისტოს აქცია გაიმართა, სადაც სათემო რადიოს ოფისის დარბევითა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლით ღიად დაემუქრნენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება არ დაუწყია.