ოკუპირებულ გალში ბიზნესმენი გაიტაცეს, ყოფილი დეფაქტო თანამდებობის პირი ქართულ მხარეს ადანაშაულებს

417

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ადგილობრივი ბიზნესმენი ჯემალ სოსელია გაიტაცეს. გალის ადმინისტრაციის ყოფილი დეფაქტო ხელმძღვანელი, თემურ ნადარია მომხდარში ქართულ მხარეს ადანაშაულებს.

ეხო კავკაზას ცნობით, გალის რაიონის ადმინისტრაციის ყოფილმა დეფაქტო ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ხუთ სექტემბერს, 22:00 საათისთვის, 58 წლის ბიზნესმენი, ჯემალ სოსელია გაიტაცეს.

მისივე თქმით, 2015 წლიდან ეს რაიონში მომხდარი პირველი გატაცებაა. ნადარაიას მიაჩნია, რომ თავდამსხმელები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და შესაძლოა, ადგილზე დამხმარეებიც ჰყავდეთ.

ეხო კავკაზას წყარომ აცნობა, რომ ჯემალ სოსელიას ავტომობილი ოთხმა შეიარაღებულმა პირმა გააჩერა, რის შემდეგაც ისინი შიგნით ჩასხდნენ და სოსელია აიძულეს, ენგურჰესისკენ — საოკუპაციო ხაზის მიმართულებით წაეყვანა მანქანა. თუმცა, გამოცემის ცნობით, გზაზე სოსელიამ ავტომობილი სხვა მიმართულებით იმ იმედით შეაბრუნა, რომ მას ვინმე შეამჩნევდა და დაეხმარებოდა.

მედიის წყაროს თქმით, როცა თავდამსხმელებმა მანქანის სხვა გზით სვლა შეამჩნიეს, სოსელიას გონების დაკარგვამდე სცემეს. ამის მოწმე კი ენგურჰესის ორი თანამშრომელი გახდა, რომლებიც ადგილზე დახმარების აღმოსაჩენად მივიდნენ. წყარო იტყობინება, რომ თავდამსხმელებმა თვითმხილველებსაც სცემეს და ტელეფონები წაართვეს. სოსელია კი ისევ მანქანაში ჩასვეს და ტყვარჩელის მიმართულებით წაიყვანეს. ეხო კავკაზას წყარო ირწმუნება, რომ თავდამსხმელები მეგრულ-ქართულად საუბრობდნენ. მისი ცნობითვე, დასისხლიანებული მანქანა ტყვარჩელის რაიონში, აჭაკაში მიმავალ გზაზე აღმოაჩინეს. გატაცებულის ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია.

ეხო კავკაზას ინფორმაციით, სოსელია რუსეთის მოქალაქეა, რომელიც სოჭში ცხოვრობს, სადაც ბიზნესსაქმიანობას ეწევა. ცოტა ხნის წინ კი, სოფელ საბერიოში აიშენა სახლი და მშობლიურ სოფელში პერიოდულად ჩადის.