ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსი” აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის მზად არის. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია აფსნიფაბლიქი ავრცელებს.
აფსნიფაბლიქს დეფაქტო პარლამენტარებმა განუცხადეს, რომ დახურულ შეხვედრაზე, სადაც პატრიოტთა ალიანსის ლიდერების აფხაზეთში ვიზიტს განიხილავდნენ, მათ ბჟანიას ჰკითხეს, რის საფუძველზე დაიწყეს ქართულ მხარესთან ურთიერთობა, რაზეც მან უპასუხა, რომ შეცდომა დაუშვეს. დეფაქტო პარლამენტარების განცხადებით, ბჟანიამ დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შექმნილ სიტუაციაზე და “მეზობელ რესპუბლიკასთან” ურთიერთობის საჭიროებაზე საკუთარი ხედვის წარმოდგენა დაავალა.
შეხვედრაზე, ასევე, ილორის ეკლესიისთვის “პატრიოტთა ალიანსის” მხრიდან ხატის გადაცემის საკითხიც განიხილეს. დეპუტატების კითხვაზე, თუ რის საფუძველზე გადაწყვიტა ბჟანიამ ქართულ მხარესთან ურთიერთობა, მან უპასუხა, რომ ეს საკითხი არავისთან შეთანხმებულა და ღონისძიება ჰუმანიტარული მისიის ხასიათს ატარებდა, თუმცა, აქვე დასძინა, რომ “პატრიოტების ვიზიტს აფხაზეთში შეცდომად მიიჩნევს”.
ამავე სხდომაზე ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა, რომ შეიმუშავოს ხედვა და შემდგომი გეგმები “მეზობელ ქვეყნებთან” დაკავშირებით.
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების ვიზიტზე აფხაზეთში ინფორმაცია თავდაპირველად “მთავარმა არხმა” 20 აგვისტოს გაავრცელა.
აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ლაშა საყანიამ თავიდან უარყო, შემდეგ კი დაადასტურა, რომ ოკუპირებულ რეგიონში პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს შეხვდა. შეხვედრის გამო შექმნილი აჟიოტაჟის გამო ის მოგვიანებით თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, აგვისტოს დასაწყისში მეგობრები დაუკავშირდნენ რუსეთის ფედერაციიდან, რომლებმაც სთხოვეს დახმარებოდა დავით თარხან-მოურავს, რომელსაც სურდა, ილორის ეკლესიისთვის ღვთისმშობლის ხატი გადაეცა. საყანიას თქმით, ამ თხოვნას “ჰუმანიტარული მიზნებით” დათანხმდა.
24 აგვისტოს, ირმა ინაშვილმა დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარესთან გიორგი ლომიასთან ერთად.