დეპუტატი ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ 6 თვის განმავლობაში მუქარისა და ძალადობის მსხვერპლია

406

საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრის, ენზელ მკოიანის ინტერესების დამცველის, ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, მკოიანი ბოლო 6 თვის განმავლობაში მუქარისა და ძალადობის მსხვერპლია.

როგორც მურმანიშვილმა აღნიშნა, პარლამენტის წევრს სატელეფონი ზარების მეშვეობით ემუქრებიან და 5 მილიონ დოლარს სთხოვენ.

ენზელ მკოიანის ინტერესების დამცველის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია საგამოძიები უწყება, თუმცა „გამოძიება არაფერს აკეთებს“.

„21 აგვისტოს ენზელ მკოიანის ძმა ააფეთქეს მანქანაში, რადგან ეგონათ, რომ მასში ენზელ მკოიანი იჯდა. ეს იმით დასტურდება, რომ წინა დღეს ენზელ მკოიანი და მისი ძმა იმავე მანქანით, იმავე მარშრუტით გადაადგილდებოდნენ. ეგონათ, რომ აფეთქების დღეს ენზელ მკოიანიც იმ მანქანაში იჯდა. ამ ყველაფერს წინ უსწრებდა მუქარები და მოთხოვნები, რომ თუ თანხას არ გადაიხდიდა, ახლობელს წაართმევდნენ. როგორც ჩანს, ეს მუქარები რეალური იყო. 30 აგვისტოს ღამით, ენზელ მკოიანს იმავე ნომრით, რა ნომრიდანაც ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ, ისევ დაურეკეს და ფული მოსთხოვეს. რუსულად ჰკითხეს „იხდი თუ არა ჩვენ მიერ მოთხოვნილ თანხას? თუ არ გადაიხდი შენს საყვარელ ადამიანს წაგართმევთ და ვეღარასდროს ვეღარ ნახავ“. საუბარია 5 მილიონ ამერიკულ დოლარზე. მისცეს ერთი კვირის ვადა. ეს ადამიანები ასევე ამბობენ, რომ ამ საქმის უკან დგას ძალიან გავლენიანი ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია ენზელ მკოიანით. შეშფოთებულები ვართ, აღარ ვიცით, რა ვქნათ. გამოძიებას მივმართეთ, ვაცნობეთ ეს ფაქტები, მაგრამ გამოძიება ინტენსიურად არ მიმდინარეობს. გამოძიება არის ინერტული, არაფერს აკეთებს. გამოძიებას დღემდე არ ჰყავს ენზელ მკოიანი დაკითხული. არ ვიცით, რა ხდება საქმის მასალებში, წვდომა არ გვაქვს. ის არც დაზარალებულად არ არის ცნობილი. წარმოიდგინეთ, გენერალურ პროკურორს სთხოვს ადამიანი, რომ ამოიღოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციიდან ეს საქმე და აიყვანოს პირად კონტროლზე, რადგან მასზე ხორციელდება თავდასხმები, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. საქმე არის თაროზე შემოდებული“, – განაცხადა ტარიელ მურმანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრმა ვიდეომიმართვაც ჩაწერა.

„იმდენად არის შეშინებული, რომ გააკეთა ვიდეომიმართვა, სადაც ამბობს, რომ მისი ლიკვიდაცია თუ მოხდება ან მისი ახლობლის, ამ შემთხვევაში ვიდეომიმართვას ატვირთავენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, ასევე გადაეცემა ყველა დიასპორას. ენზელ მკოიანი ამბობს, რომ ვიდეოში მიუთითებს პიროვნებებზე, ვისზეც აქვს ეჭვი. როდესაც ჩვენება მისცა სამცხე-ჯავახეთის პოლიციაში, მან გარკვეული პირის სახელები და გვარებიც დაასახელა“, – განაცხადა ტარიელ მურმანიშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ამავე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.