მარნეულის მერიის ახალგაზრდული იდეების კონკურსში 14-მა პროექტმა გაიმარჯვა პროექტის მიზანი მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და ინტეგრაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, გარემოს დაცვა, თანასწორი შესაძლებლობები და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერაა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მერიის ახალგაზრდულ საქმეთა სპეციალისტმა მარიამ ტყეშელაშვილმა თქვა, რომ მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში ოცზე მეტი განაცხადი მიიღეს.
„ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ტიპის პროექტების მიღება გავაკეთეთ და ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ ახალგაზრდები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესში. მივიღეთ 22 პროექტი საერთო ჯამში. 11 წევრისგან შემდგარი კომისია იყო, რომელიც აფასებდა ამ პროექტებს მიზნებთან შესაბამისობის მიხედვით. კომისია დაკომპლექტებული იყო როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით, ასევე აქტიური ახალგაზრდებით და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებით. საერთო ჯამში, დაფინანსების ეტაპზე გადავიდა 14 პროექტი. ძალიან მიხარია ისიც, რომ პროექტის განხორციელების ადგილი მხოლოდ ქალაქი მარნეული არაა. იქნება საზღვრისპირა სოფლებიც და საერთო ჯამში, ბევრ თემს მოიცავს ეს პროექტები,“ – ამბობს მარიამ ტყეშელაშილი.
ტყეშელაშვილის განმარტებით, 8 პროექტი, რომელიც კომისიამ დაიწუნა, მიზნებთან შეუსაბამო იყო.
„იყო ისეთი საკითხები, სადაც ჩვენ არ შეგვეძლო ჩარევა. მაგალითად მოვიყვან ერთ-ერთ პროექტს, სადაც იყო სკოლის მოპირკეთება. მსგავსი ტიპის პროექტებზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება რომ ვერ გადავიდოდა მეორე ეტაპზე“, – ამბობს ტყეშელაშვილი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ „ახალგაზრდული იდეების კონკურსი“ 2020 წლის 21 ივნისს გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა მიიღეს მარნეულში რეგისტრირებულმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, საინიციატივო ჯგუფებმა და დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა.
თითოეული პროექტის მაქსიმალური თანხა 3 000 ლარია.