„ევროპული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე “ევროპული საქართველოს” წევრმა ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი შეხვედრაზე იმსჯელებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების დაცვაზე და არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე.
მისივე განმარტებით, ასევე შეიქმნება შტაბი, რომელიც ხმების დაცვას უზრუნველყოფს.
„გაერთიანებული შტაბის მეორე შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც შედის ყველა ოპოზიციური მთავარი პარტია. გადავწყვიტეთ, რომ შეხედრები, რიგრიგობით, სხვადასხვა პარტიის ოფისებში იქნება. დღეს “ევროპული საქართველო“ მასპინძლობს ამ შეხვედრას. გარდა ამისა, ვაპირებთ რეგიონებში გასვლას. რაც შეეხება კონკრეტულ მექანიზმებს, იმას, რაც პირველ შეხვედრაზე ითქვა, დღეს განვავრცობთ. ამ 2 თვის განმავლობაში ვაპირებთ ინფორმაციის გაცვლას, როდესაც საარჩევნო კამპანია იქნება. ასევე ვაპირებთ ერთობლივი საჩივრების შეტანას, თუ ასეთი აუცილებლობა იქნება, ამას ხელს ყველა პარტია მოაწერს. თუ შემდეგ ეს სასამართლოში გადავა, ასევე სასამართლოშიც ერთობლივად დავიცავთ ჩვენს ინტერესებს. არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგ იმოქმედებს გაერთიანებული ოფისი, სადაც შეგროვდება ყველა ინფორმაცია და შესაბამისად, ვაპირებთ ყველა მოქალაქის ხმის დაცვას ადგილებზე, ოლქებში და შემდეგ ცესკო-ში”, – განაცხადა თარხნიშვილმა.