ხარაგაულის ბიუჯეტი 500 ათასი ლარით მცირდება

494

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგადასახადო შემოსავლები 1 450,0 ათ. ლარით შემცირდა; აქედან, დამატებითი ღირებულების გადასახადი 819,7 ათასი ლარით, ჯარიმებიდან მისაღები შემოსავლები კი 630,3 ათასი ლარით. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

ამის გამო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლების გათვალისწინებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 950.0 ათასი ლარი გამოეყო. რადგან ხარაგაულის ბიუჯეტს 1 450, 0 ათასი ლარის შემოსავლები აკლდება, 2020 წლის ბიუჯეტი 500,0 ათასი ლარით მცირდება.

137,0 ათასი ლარი მოაკლდება მართველობის ხარჯებს:

  • საკრებულოს ხარჯები – 10,0 ათ. ლარით, მერიის ხარჯები – 115,0 ათასი ლარით მცირდება;
  • 2, 0 ათ. ლარით მცირდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხარჯები;
  • 10,0 ათ. ლარით – კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯები;

ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხები – 213,0 ათასი ლარით მცირდება:

  • წყლის სისტემის რეაბილიტაცია – 70, 0 ათ. ლარით;
  • გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია – 3,0 ათ. ლარით;
  • მრავალბინიანი სახლების რეკონსტრუქცია – 60,0 ათასი ლარით;
  • სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები 60,0 ათ. ლარით (სოფ. ანეულის სარიტუალო სახლის მშენებლობა);
  • სოფლის მეურნეობის დაფინანსება – 20,0 ათასი ლარით.

დასუფთავებისა და გარემოს დაცვის ხარჯებიდან  3,0 ათ. ლარი უპატრონო ცხოველების მოვლას მოაკლდება.

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ბიუჯეტი 66,0 ათ. ლარით მცირდება.

სპორტისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის ხარჯებს 40,5 ათასი ლარი მოაკლდება; სამუსიკო სკოლისას – 3,0 ათ. ლარი; კულტურისა და ხელოვნების ცენტრს – 34,5 ათ. ლარი; კულტურის ღონისძიებების დაფინანსებას – 3, 0 ათ. ლარი.

ამ საბიუჯეტო ცვლილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეს ბიუროს სხდომაზე, ხვალ, 3 სექტემბერს, კი საკრებულოს სხდომაზე განიხილავს.