ხარაგაულში ახალდაგებული გზა მწყობრიდან გამოვიდა

380

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღუდუმექეთში ერთ კილომეტრამდე მობეტონებული გზა თითქმის მთელ მონაკვეთზე დაბზარულია. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

ეს გზა 2019 წელს სამშენებლო კომპანიამ „გურია-2015“ 76 174 ლარად დააგო.

-ღუდუმექეთში წელს გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დაწყებისთანავე უკვე დაგებული გზა მწყობრიდან გამოვიდა, – ამბობენ ღუდუმექეთში მცხოვრებნი, – მაღალგამავლიანი მანქანები გადაადგილდებოდნენ და ბეტონი დაიბზარა. ასე უხარისხოდ გზის გაკეთებას, ჯობდა, საერთოდ არ გაკეთებულიყო.

მოქალაქეებმა რეაგირებისთვის ფარცხნალის თემის მაჟორიტარ დეპუტატს, მიხეილ ჭიპაშვილს მიმართეს.

-ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან ერთად გზის მდგომარეობა ადგილზე გავეცანით, – ამბობს მიხეილ ჭიპაშვილი, – ახლა საკრებულოსა და მერიას უნდა მივმართო იმის დასადგენად, თუ რატომ გამოვიდა გზა ასე მალე მწყობრიდან. ვითხოვ, ექსპერტიზის ჩატარებას.

საკრებულო უნდა დაინტერესდეს, სად და ვინ დაუშვა შეცდომა. ასევე უნდა მოვიფიქროთ, რა ეშველება ღუდუმექეთის გზას, რომელიც ხელახლა გასაკეთებელია. ფაქტობრივად, 70 ათას ლარზე მეტი თანხა წყალს გავატანეთ“.

მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლისა და საინჟინრო-მონიტორინგის ჯგუფების დასკვნების მიხედვით, შესრულებული სამუშაოებისა და სამშენებლო მასალების ხარისხი შესაბამისობაშია საპროექტო მოთხოვნებთან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლის ჯგუფის თავმჯდომარე, კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემურ თაბუკაშვილი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.