კობახიძე: კოალიცია არ დაგვჭირდება… გამოვრიცხავთ “პატრიოტთა ალიანსთან” კოალიციას, თეორიულადაც კი

337

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ისინი პატრიოტთა ალიანსთან კოალიციის შექმნას თეორიულადაც გამორიცხავენ. ამის შესახებ მან ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგის დროს განაცხადა.

მისი განცახდებით, პარტია ასევე გამორიცხავს ნებისმიერ კოალიციას, როგორც ნაციონალურ მოძრაობასათან, ასევე “მის სატელიტებთან” — ევროპულ საქართველოსთან, გირჩთან თუ ლეიბორისტულ პარტიასთან. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ქართულ ოცნებას კოალიციის შექმნა არ დასჭირდება.

მისი თქმით, 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ საზოგადოების მხარდაჭერის საფუძველზე აიღებს ბევრად მეტს, ვიდრე 50%-ია.

„კოალიცია ჩვენ არ დაგჭირდება, ასეთია დღევანდელი სურათი და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, საზოგადოების მხარდაჭერის საფუძველზე ავიღებთ ბევრად მეტს, ვიდრე 50%-ია. შესაბამისად, ჩამოვაყალიბებთ სტაბილურ საპარლამენტო უმრავლესობას. თუ ვსაუბრობთ თეორიულ ვარიანტებზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვრიცხავთ ნებისმიერ კოლიციას, როგორც „ნაცმოძრაობასთან“ და მის სატელიტებთან, როგორიც არის „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტები“, „გირჩი“ და ა.შ. ასევე, ბუნებრივია, „პატრიოტთა ალიანსთან“, „ბურჯანაძესთან“, პრორუსულ პარტიებთან, რომლებიც სხვათა შორის, დღეს არიან ამ ე.წ. პროდასავლური პარტიების პარტნიორები. „ნაცმოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ არის ერთი ბნელი მედლის ორი მხარე, ისინი ერთად აკეთებდნენ წლების მანძილზე რუსულ საქმეს საქართველოში, ეს არის მათთვის საერთო და სწორედ ეს აერთიანებს მათ და სწორედ ამის გამო სხედან ისინი საერთო მაგიდაზე, ვგულისხმობ „ნაცმოძრაობას“, მის სატელიტებს, „პატრიოტთა ალიანსს“ და ბურჯანაძეს, ისინი არიან გაერთიანებული რუსული საქმის გარშემო“, – განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერსაა ჩანიშნული. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად პარტიამ არჩევნებიში, სულ მცირე, 40%-იანი მხარდაჭერა უნდა მიიღოს, სხვა შემთხვევაში საჭირო იქნება კოალიციური მთავრობის შექმნა.