თქვენ არღვევდით კანონს, ეწეოდით მოსყიდვას, დაშინებას, ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდით, სცემდით, იტაცებდით საარჩევნო ყუთებს და თურმე ამაში დამნაშავე „საარჩევნო კოდექსში“ არსებული ჩანაწერი „ორწლიანი პატიმრობა“ იყო, – ასე მიმართა ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს, სადაც ამომრჩევნლის მოსყიდვასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ინიციატივაზე მსჯელობდნენ.
მისივე თქმით, თუ მმართველ პარტიას სურს რეალური ცვლილებები, მაშინ მხარი არა პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს უნდა დაუჭიროს, სადაც ეუთო/ოდირის რეკომენდაციები სრულად არის ასახული.
„ჩვენ ახლა შემოგვაქვს „საარჩევნო კოდექსის“ ალტერნატიული წინადადება, რომელიც მეორე მოსმენისას იქნება დაყენებული და დავარაგისტრირეთ უკვე. ეს ეხება ფაქტობრივად, ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ეუთო/ოდირის რჩევიდანაა. 27 რეკომენდაციიდან თქვენ გაითვალისწინეთ მხოლოდ 7, ამიტომ ყველა ის წინადადება, რომელიც იყო ჩვენი საერთაშორისო პარტიორებიდან შემოთავაზებული, ჩვენს ინიციატივაში იქნება ასახული. თუ თქვენ რეალურად გინდათ რაიმეს გაუმჯობესება, მაშინ მხარი უნდა დაუჭიროთ ჩვენს ალტერნატიულ წინადადებას და ეკა ბესელიას მიერ შემოტანილ კანონპროექტს. ის, რომ თქვენ ატყუებთ ამომრჩეველს, ადმინისტრაციული ნაწილი სისხლის სამართლებრივ ნაწილში გადადის, ტყუილია. ორად ორი რამეა შეცვლილი. „ორწლიანი პატიმრობა“ შეცვალეთ „სამწლიანით“ და მეორე მუხლი გაქვთ დამატებული „შინა პატიმრობა“. როცა ამ ორ ცვლილებას ასაღებთ მნიშვნელოვან ცვლილებად, არავინ დაიჯერებს. თუ გინდათ რეალური ცვლილებების ჩატარება და არჩევნებში საარჩევნო გარემოს ოდნავ მაინც გაუმჯობესება, უნდა დაუჭიროთ ჩვენს კანონპროექტს მხარი, ვინაიდან თქვენ უკვე დაიწყეთ ოპოზიციასთან არათანაბარ პირობებში კამპანია. გამოიყენეთ პანდემია, 5 მილიარდი სესხი აიღეთ, რომელიც ხალხის დასაფარია და 1 მილიონ ბავშვს პირველი სექტემბრიდან დაურიგებთ ფულს. ეს 5 მილიარდი ჩვენი გასასტუმრებელი ფულია. თქვენ ამას პარტიულ მოწყალებად სთავაზობთ მოსახლეობას. ცნობის ფურცლით დაარბენინებდით თვითდასაქმებულებს და ახლა ნებისმიერს აძლევთ. პარტიული აქტივი გააფორმებთ 300 -ლარიან თვითდასაქმებულებში. ეს არის არათანაბარ პირობებში ჩაყენება და არათანაბარ პირობებში არჩევნების ჩატარება. თქვენი კანონპროექტი შეგიძლია არც განიხილოთ, არაფერს ნიშნავს. ჩვენი კანონპროექტი შემოვიდა, კეთილი ინებეთ და დაუჭირეთ მხარი, მიუთემეტეს აქ არ არის მხოლოდ ჩვენი იდეები, აქ არის ეუთო/ოდირის რეკომენდაცები, რომლებიც არ შეასრულეთ თქვენ. ნუ შეგყავთ ადამიანები შეცდომაში, ამ კანონით არსებითად არაფერი იცვლება“, – განაცხადა გოცირიძემ.
გოცირიძის ამ გამოსვლას რეპლიკით უპასუხა გიორგი ვოლსკიმ.
„ხანდახან რომ გისმენთ მეჩვენება, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ელაპარაკება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს“, – განაცხადა ვოლსკიმ.