საფეხბურთო კლუბი “ბორჯომი” მიმდინარე სეზონის ვარჯიშებს თბილისში, საშინაო მატჩებს კი მცხეთაში გამართავს. მიზეზი ბორჯომის სტადიონია, რომელიც მე–4 ლიგის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
კლუბის პრეზიდენტის, კობა თედიაშვილის განმარტებით, პანდემიის გამო მუნიციპალიტეტმა საფეხბურთო მოედნის შეკეთება ვერ მოახერხა, ფედერაციამ კი საფეხბურთო მატჩების ჩატარების უფლება არ მისცა.
„სტადიონის რეაბილიტაცია გადაიდო მომავალ წლამდე, დღეის მდგომარეობით კი მოედანზე ცუდი მდგომარეობაა, საფარი დაზიანებულია, რაც გაართულებს აქ მატჩების სტანდარტების დაცვით ჩატარებას“ – ამბობს თედიაშვილი.
როგორც „ბორჯომი–2013“–ის პრეზიდენტი განმარტავს, ეს კლუბისთვის დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევს, რადგან ნაკრები ძირითადად თბილისელი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ამიტომ ეს ხარჯებს პირიქით – შეამცირებს.
„წელს კლუბი განახლებული შემადგენლობითაა, ბევრი ადგილობრივი ფეხბურთელი წავიდა კლუბიდან, ამიტომ თბილისთან ფეხბურთელების ტრანსპორტირება და განთავსება უფრო მეტი გვიჯდება“ – ამბობს თედიაშვილი.
საფეხბურთო კლუბი „ბორჯომი“ მიმდინარე სეზონზე საქართველოს მეოთხე ლიგაში იასპარეზებს. გუნდი პირველ მატჩს 19 აგვისტოს გამართავს.