საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ქვეყნის მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელების რაოდენობას ამცირებს. წინასწარი კვლევის საფუძველზე, შემუშავდა არსებული ნაგავსაყრელების დახურვის გეგმა. ამ გეგმის ფარგლებში, კომპანიამ შეაჩერა გარკვეული ნაგავსაყრელების ოპერირება და დაიწყო მათი ეტაპობრივი დახურვა შესაბამისი სტანდარტებით.
აღნიშნული გეგმის გათვალისწინებით, დაიხურა ბაკურიანის არსებული ნაგავსაყრელიც, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა ოპერირების ნორმებს. დახურვის სამუშაოების ფარგლებში მოხდა პოლიგონის ზედაპირის რელიეფის ფორმირება, ნარჩენების მოსწორება და საიზოლაციო ფენით გადაფარვა.
დასრულებული სამუშაოები „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ბაკურიანის ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის ღირებულებამ 124 998 ლარი შეადგინა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ბაკურიანის ნარჩენებს ბორჯომ-ბაკურიანის ნარჩენების გადამტვირთი ახალი სადგური მიიღებს.