მიმდინარე წლის 6 თვეში სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან ბიუჯეტში 58 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. ამის შესახებ გამოცემა „ინტერპრესნიუსი“ წერს, რომელმაც სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა.
უწყების ინფორმაციით, 2020 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, პრივატიზაციის გეგმა 64.6%-ითაა შესრულებული.
2020 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებულმა თანხამ 87,567,105.48 ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართა 58,246,065.46 ლარი. ამასთან, როგორც სააგენტოში განმარტავენ, დანარჩენი თანხები გადანაწილდა ადგილობრივ ბიუჯეტებში.
„ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართია 10,725,653.03 ლარი, რომელიც გადაირიცხება მესამე კვარტლის ბოლოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად“, – აღნიშნავენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.