თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ზურაბ ჯაფარიძის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე შეზღუდვები დაწესდა, – აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
„აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ სააღსრულებო წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე 2020 წლის 10 აგვისტოს დაიწყო. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ფიზიკური პირის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე შეზღუდვები დაწესდა.
შესაბამისად, სააღსრულებო წარმოებას პოლიტიკურ პარტიასთან, პარტიის ქონებასა და საბანკო ანგარიშებთან და მოვალის პოლიტიკურ საქმიანობასთან შემხებლობა არ აქვს. ასევე, მოვალეს, კანონის შესაბამისად, შეზღუდვა დაწესებული აქვს მხოლოდ ჯარიმის თანხის ოდენობაზე და მას აქვს შესაძლებლობა სურვილისამებრ განკარგოს დანარჩენი თანხა.
ამავდროულად, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ, 2018 და 2019 წლებში შემოსული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე, კიდევ ორი სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მასთან არა ერთი კომუნიკაციის მიუხედავად, უარს აცხადებს სასამართლოს მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.