კალაძე: საკრებულოში მისვლას მე გადავწყვეტ, მივალ როდესაც საჭიროა და გავცემ შეკითხვებს პასუხს

398

საკრებულოში მისვლას მე გადავწყვეტ, მივალ როდესაც საჭიროა და გავცემ შეკითხვებს პასუხს, როდესაც ამის საჭიროება იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას გამოეხმაურა, რომ კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მივიდეს.

როგორც კალაძე განმარტავს, თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება.

„კახა კალაძეს ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უკან არასდროს დაუხევია. როდესაც ახლად არჩეულ საკრებულოში ვიყავი მისული, დავაფიქსირე ჩემი მზაობა თანამშრომლობაზე, პრობლემას ვერ ვხედავ. თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება. ჩვენ გვახსოვს მათი დამოკიდებულება, ცილისწამება, შეურაცხყოფა, თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა ყველაფერს კადრულობენ. საკრებულოში მისვლას მე გადავწყვეტ, მივალ როდესაც საჭიროა და გავცემ შეკითხვებს პასუხს, როდესაც ამის საჭიროება იქნება”,- აღნიშნავს კალაძე.

მისივე თქმით, ვაკის პარკში მომხდარი ფაქტი უმძიმესი იყო დედაქალისთვის და გარდაცვლილი ოჯახისთვის.

“უმძიმესი დღე იყო დედაქალაქის ისტორიაში, ოჯახისთვის, პირადად ჩემთვის ტრაგედიაა, რომელმაც გამანადგურა. პარალელურად, უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, პასუხისმგებლობა ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების წინაშე, იმ ასეულობით ათასი ადამიანის წინაშე, ვინც ნდობა გამომიცხადა”,- აღნიშნავს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვი, 13 წლის გოგონა, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.