მცხეთაში, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

852

“ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა მცხეთაში, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში შალვა კერესელიძემ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

კერესელიძეს პირველი შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ძეგვისა და ნიჩბისის მცხოვრებლებთან ჰქონდა.

მოსახლეობამ დეპუტატობის კანდიდატს ინფორმაცია მიაწოდა იმ პრობლემების შესახებ რაც დღეს ამ ორ სოფელში არსებობს.

„ადგილობრივებმა იმედი გამოთქვეს, რომ შალვა კერესელიძის გამარჯვების შემთხვევაში პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება. მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ნიჩბისსა და ძეგვში ძირითადად გზისა და სასმელი წყლის პრობლემებია, რაც მომდევნო წლებში საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მოსაგვარებელ საკითხთა შორის არის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჩვენ შევალთ ყველა მუნიციპალიტეტში და ყველა სოფელში. შევხვდებით მოსახლეობას მოვისმენთ პრობლემებს, ადგილობრივებისგან წამოსული პრობლემები მომდევნო წლების ბიუჯეტის ფორმირებისას იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” 20 ივლისს შალვა კერესელიძე მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა პოლიტიკურ თანამდებობები 1 აგვისტოს დატოვეს.