ბოკერია: საკვანძო ოლქებში კოორდინირება გონივრული იქნებოდა, თუმცა, „ნაცმოძრაობამ“ მცდარი არჩევანი გააკეთა

850

საკვანძო ოლქებში კოორდინირება გონივრული იქნებოდა, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მცდარი არჩევანი გააკეთა. ეს მათი უფლებაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციურ ძალებს შორის თბილისის ოლქებზე შეთანხმებაზე დაყრდნობით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას არჩევნების გზით ჩამოშორდება.

„საკვანძო ოლქებში კოორდინირება გონივრული იქნებოდა, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვა არჩევანი გააკეთა, მცდარი არჩევანი, მაგრამ ეს მათი უფლებაა. ამიტომ ჩვენ თბილისის შეთანხმებაზე დაყრდნობით და იმაზე დაყრდნობით, რასაც მოლაპარაკებებისას მივაღწიეთ, ყველა ვარიანტში დავდებთ იმ შედეგს, რომ ივანიშვილის სახით საქართველოს მთავარი პრობლემა მშვიდობიანი არჩევნებით იქნება ჩამოშორებული. შემდეგ ქვეყანა ჩიხიდან უნდა გამოვიყვანოთ“, – განაცხადა ბოკერიამ.