“ადამიანების მტერი უნდა იყო, ხელისუფლებას მოსყიდვაზე რომ მიუთითო”, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი მთავრობის მიერ ფინანსური დახმარებების დაანონსებას.
ვიცესპიკერი აცხადებს, რომ საქართველოში რთული ვითარებაა, ამიტომ სამედიცინო დარგისა და ეკონომიკური გუნდის ერთობლივი მუშაობით პრობლემები დაიძლევა.
“არის მთელი რიგი დახმარებები, რომლებიც ვერ ჩაითვლება მოსყიდვად, მტერი უნდა იყო ადამიანის, ხელისუფლებას მიუთითო, რომ ეს მოსყიდვას წარმოადგენს.
რთული ვითარებაა და იმედი გვაქვს, რომ სამედიცინო დარგისა და ეკონომიკური გუნდის ერთობლივი მუშაობით ამ პერიოდს დავძლევთ, არჩევნებსაც ჩავატარებთ მაღალ დონეზე და მომავალი წლისთვის უფრო მომზადებულები ვიქნებით”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო არჩევნების წინ სოციალური დახმარებების მესამე ეტაპი დააანონსა. გიორგი გახარიაც ამტკიცებს, რომ დაანონსებული დახმარება არჩევნებს არ უკავშირდება და, მისივე სიტყვებით, მათი გაცემის დაანონსება იჩქარეს, არჩევნებს რომ არ დაკავშირებოდა.
დახმარებები რამდენიმე მიმართულებით გაიცემა, მათ შორის:
თვითდასაქმებულები, რომლებმაც საკმარისი დოკუმენტების შეგროვება ვერ შეძლეს, სახელმწიფოსგან 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ;
ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, მთავრობა კომუნალურ გადასახადებს დაასუბსიდირებს;
18 წლამდე ბავშვები და მოზარდები ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ;
სოციალურად დაუცველი სტუდენტების ნაწილს ერთი სემესტრის და ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდება.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ფინანსური დაპირება წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაა.